"საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes კატია სოლდაკის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მგზნებარე, ანტირუსული სიტყვით წარსდგა.
"მან განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ძლიერი, მშვიდობიანი მეზობლების ყოლა. მათი დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად, მცირდება პუტინის ევრაზიულ კავშირში მათი გაწევრიანების შანსი", - ციტირებს კატია სოლდაკი პრეზიდენტის გამოსვლიდან ამონარიდს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გაერო-ს ასამბლეაზე ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იყო, რამდენადაც ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება. კატია სოლდაკი წერს, რომ პრეზიდენტის ეს გამოსვლა ასევე მიმართული იყო საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისკენ, რომელსაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
"ივანიშვილი, რომელმაც ქონება ძირითადად რუსეთში საბანკო საქმიანობითა და ლითონების ვაჭრობით დააგროვა, საქართველოს ძლევამოსილი სლავი მეზობლის მიმართ დიპლომატიური მიდგომითაა ცნობილი", - წერს Forbes-ის ჟურნალისტი.
როგორც კატია სოლდაკი განმარტავს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იმ დროს იწურება, როცა საქართველო პოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფაზაში შედის. მისივე თქმით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შემდეგ, ამ მხრივ მკვეთრი უკუსვლა დაიწყო.
სტატიის ავტორი წერს, რომ 2003 წელს, მშვიდობიანად დასრულებული "ვარდების რევოლუციას" სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოჰყვა, რის შემდეგაც საქართველოში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, მოხდა ქალაქების მოდერნიზაცია, საქართველო საცხოვრებლად უსაფრთხო და კომფორტული ადგილი გახდა. მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც მდიდარია სანახაობრივი ადგილებით – კავკასიის მთებით, შავი ზღვით, ღვინის ტურებით, უძველესი ეკლესიებით – მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს.
კატია სოლდაკი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის მთავრობა ცნობილი გახდა კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებით.
"თუმცა, დიდი ეკონომიკური იმედები, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, არ ხორციელდება. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა შენელდა, რამდენადაც ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უცხოურმა კაპიტალმა იკლო. ფრუსტრაცია და კლება ყველა ინდუსტრიას შეეხო, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული საბანკო სექტორით. 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგნოზი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი 2013 წლის მეორე კვარტალში 1,4%-მდე შეჩერდა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8,2% იყო", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ შესაძლოა ვინმემ ეკონომიკური კლება პოლიტიკურ ცვლილებებს დააბრალოს, თუმცა მომხდარი რამდენიმე მიზეზს უკავშირდება.
კატია სოლდაკი ციტირებს "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარის კავკასიის საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ეკონომიკის შენებას ძირითადად ფულის სესხებითა და უცხოური დახმარებების ხარჯზე მიღწია. ლინკოლნ მიტჩელისვე თქმით, საქართველოში რეალურად არ ყოფილა ეკონომიკის მდგრადი ზრდა.
"ხელისუფლებაში ყველა წუხს ეკონომიკაზე, მაგრამ რეალურად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ", - ციტირებს Forbes–ის ჟურნალისტი ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობას ნაწილობრივ მაინც აკისრია პასუხისმგებლობა იმაში, რაც დღეს ხდება და ამტკიცებს, რომ ახალ მთავრობას არ შეუთავაზებია ეკონომიკური განვითარების მკაფიო სტრატეგია.
"ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის აღდგენის მიზნით, გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა კრემლთან. საქართველოში შექმნილ დღევანდელ გაურკვევლობას ვერც ივანიშვილის განცხადება წაეხმარა, როცა მან განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს", - წერს კატია სოლდაკი.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვებს, რომელიც მასთან საუბარში აცხადებს, რომ ივანიშვილი მაშინ ტოვებს თანამდებობას, როცა არაფერი დასრულებულა. ნოდიასვე განცხადებით, ივანიშვილს ბიზნესმენის მენტალიტეტი აქვს, რომელმაც კომპანია, სახელად საქართველო შეიძინა.
"ივანიშვილის წასვლა იმაზე მეტ დარტყმას მიაყენებს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტზე დიდ როლს თამაშობს. აშშ-სა და ევროპისთვის საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მაგალითი იყო. თუმცა, ბევრი ქართველისთვის სააკაშვილის მეთოდები არადემოკრატიული იყო, რადგან მისი ავტორიტარული ხელისუფლების დროს ათასობით ადამიანს აპატიმრებდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის შექმნის მიზნის მცდელობით. თუმცა, კორუფცია მაღალ ეშელონებში ყვაოდა", - წერს კატია სოლდაკი.
Forbes-ის ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართველები ბედნიერები შეხვდნენ იმ ცვლილებებს, რაც უშუქო და უწყლო რთული პერიოდის დასრულებას მოჰყვა – ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის ამუშავებას.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს შვედი ეკონომისტის ანდერს ასლუნდის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის და საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის, რასაც მასობრივი გაუმჯობესება მოჰყვა.
"დღესდღეობით, ივანიშვილის გუნდი ეკონომიკაზე მეტად, აქტუალურად სხვა საკითხებს მიიჩნევს – ისინი სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებასა და წინა ხელისუფლების გაკრიტიკებით არიან დაკავებული. თუმცა, სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეებიც თანხმდებიან, რომ წინა ხელისუფლებამ უფლებამოსილებას გადააჭარბა", - აღნიშნავს კატია სოლდაკი.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ აპირებს რუსეთის ბოროტი განზრახვების მხარდაჭერას და აცხადებს, რომ დაინტერესებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ზეწოლას.
კატია სოლდაკი ასევე ციტირებს ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა მომავალი ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია და საქართველოს პრობლემების გაღრმავება გამოიწვიოს. თუმცა, მისივე თქმით, მაშინ როცა მისი გადადგომა სარგებელს არ მოუტანს ქართულ ფინანსებს, შესაძლოა ეს ქართულ დემოკრატიას წაადგეს.
"ორი ვარიანტიდან ერთი მოხდება – ან ყველაფერი ჩამოიშლება, ან ყველაფერი ერთი დიდი, ქარიზმატული ლიდერის პოლიტიკის მიღმა გადაინაცვლებს. ივანიშვილის გარეშე "ქართული ოცნება", რომელიც ექვსი განსხვავებული პოლიტიკური პარტიისგან შედგება, შესაძლოა დაიშალოს. ეს კი პარლამენტში რეალურ დებატებამდე და მეტი აზრის გამოთქმამდე მიგვიყვანს, რაც დემოკრატიისკენ წინ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება", - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.