„ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოსთან „თბილსიმარათონის“ ფარგლებში გრძელვადიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმებს. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება პარასკევს, 4 ოქტომბერს, 12 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“. (მის: თელავის ქ.20 ) მემორანდუმს ხელს მოაწერენ კომპანიის დირექტორი მიხაელ ჰამპელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი.
მემორანდუმის მიზანია ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზიებული სპორტული ღონისძიების „თბილისიმარათონის“ განვითარება, ხელშეწყობა და მჭიდრო გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
„ჰაიდელბერგცემენტი ზრუნავს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო ქვეყანაში პირველი მასშტაბური ნახევარმარათონის გამართვა, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. სამინიტროსთან და გერმანიის საელჩოსთან ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საზოგადოების სტიმულირებასა და მათ ჩართულობას სპორტში. დაინტერესება საკმაოდ დიდია, წელს გვეყოლება ახალი სპონსორებიც, შესაბამისად, ეს მოგვცებს საშუალებას კიდევ უფრო წავახალისოთ გამარჯვებულები,“ - აღნიშნავს „ჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერი ნინო სუბელიანი.
მემორანდუმის თანახმად, „თბილისიმარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით და ოფიციალური მხარდაჭერით ჩატარდება, რაც მოიცავს სამინისტროს მხრიდან „თბილისიმარათონის“ საკომუნიკაციო მხარდაჭერას სამთავრობო სტრუქტურების, ფედერაციების, სპორტული კლუბების ჩართულობისთვის.
გერმანიის საელჩო მზად არის „თბილისიმარათონის“ ფარგლებში უზრუნველყოს ინფორმაციის გავრცელება გერმანულ კომპანიებთან და ასოციაციებთან საქართველოში. მხარეები მემორანდუმის მიზნების განსახორციელებლად აქტიურად ითანამშრომლებენ, მოახდენენ იდეების გაცვლასა და კონკრეტული ამოცანების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნულ სფეროს, ასევე ზოგადად, საქართველოში სპორტის განვითარებას.
„ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება, როგორც ახალგაზრდების, ასევე პროფესიონალებისა და ზოგადად, საზოგადოების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის მიზანს. ჩვენი მომავალი თანამშრომლობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სპორტული ღონისძიების, „თბილისიმარათონის“ განვითარებას საქართველოში, რაც ერთგვარი ხელშემწყობი პირობაა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის“ - მიაჩნიათ სამინისტროში.
„მსოფლიოში ანალოგიური მარათონები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. „თბილისიმარათონი“ მსოფლიო მარათონების კალენდარშია შესული, რაც ხელს უწყობს საქართველოს, მათ შორის თბილისის პოპულარიაზაციას ტურისტული ქვეყნებისა და ქალაქების რუქაზე“ - მიაჩნია ორთვინ ჰენიგის.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე დაესწრებიან „ჰაიდელბერგცემენტის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ირაკლი მახარობლიძე, კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერი ნინო სუბელიანი, ფონდი „იავნანას“ პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე და „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერი კომპანიები და სპონსორები.
ამ დღესვე ცნობილი გახდება რამდენი ადამიანი და კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული (www.tbilisimarathon.ge ) „თბილისიმარათონში“ მონაწილეობის მისაღებად. სპეციალურად ამ დღისთვის გაიხსნება სარეგისტრაციო სტენდი და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი მონაწილეობა ნახევარმარათონში ადგილზე დააფიქსირონ. „თბილისიმარათონი“ ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება, რადგან რეგისტრაციიდან შემოსული თანხა - ყოველი 10 ლარი ორმაგდება „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ და საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება.
პაატა ბურჭულაძე - „ფონდ იავნანას“ პრეზიდენტი:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჰაიდელბერგცემენტის“ ადმინისტრაციას, „თბილისიმარათონის“ ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს, წინა მარათონზე შემოსული თანხით ჩვენ დავეხმარეთ სამ მრავალშვილიან ოჯახს და წელს იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში, რადგან თითოეული მათგანი ავტომატურად ფონდ „იავნანას“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტელემარათონის მხარდამჭერი გახდება, „ჰაიდელბერგცემენტი“ კი გენერალური სპონსორი. .. და ჩვენ ყველანი ერთად 2014 წლის 3 მარტს პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ვნახავთ „თბილისიმარათონზე“ შემოსული თანხით თუ როგორ დავეხმარებით ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს.”
„თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. მარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყო მრავალი უცხოელი სტუმარი - საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. მონაწილეებმა 21 კილომეტრიან დისტანციაზე ირბინეს. ნახევარმარათონში გამარჯვებულები კომპანიამ ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით დაასაჩუქრა. მნიშვნელოვანია, რომ „თბილისისმარათონმა“ ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად გაიმართება.
ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში ჰაიდელბერგცემენტი 2006 წლიდან მოღვაწეობს და მართავს 3 ცემენტისა და 4 ბეტონის ქარხანას.