ევროსაბჭოს ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა დაკავებების გამო

ევროსაბჭოს ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერთა დაკავებების გამო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებაც. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში განვითარებული ზოგიერთი მოვლენით. 

"ასამბლეა კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებითა და 2012 წლის საპრალამენტო არჩევნების შემდეგ ჭეშმარიტად პლურალისტური და დემოკრატიული გარემოს წარმოქმნით", - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში განვითარებული ნეგატიური მოვლენებითაც.

"ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში რთულად წარმართული კოჰაბიტაციის პროცესითა და ოპოზიციის ლიდერთა დაკავებების გამო", - აღნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლო საქმეები განხორციელდეს გამჭვირვალედ.

"ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდე, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების სასამართლო საქმეები განხორციელდეს გამჭვირვალედ და ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლის შესაბამისად", - ნათქვამია რეზოლუციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ მიღებული რეზოლუციის შეუსრულებლობის თაობაზე - კერძოდ, 2008 წელს მიღებული 1633 რეზოლუციისა და 2009 წელს მიღებული 1647-1683 რეზოლუციების.

ამასთან, ასამბლეა წუხს, რომ მიუხედავად დაპირებისა - რუსეთისა და საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს თანამომხსენებლები წვეოდნენ მოსკოვს, თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ერთობლივი მისიის დროს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, თანამომხსენებლები მხოლოდ მოსკოვსა და თბილისს ეწვივნენ 2013 წლის მაისში. ცხინვალსა და სოხუმში კი მათი ვიზიტი სეპარატისტული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უარის თქმის გამო ვერ შედგა.

"ასამბლეა მხარს უჭერს კომიტეტის გადაწყვეტილებას დაკვირვებით მიადევნოს თვალყური საქართველო-რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული შედეგების განვითარებას და სტატუსთან დაკავშირებული წინაპირობების გარეშე ჩაერთოს სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგში, თუ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან დიალოგის გამართვის სურვილი იქნება", - ნათქვამია რეზოლუციაში.