ირაკლი შიხიაშვილის საგანგებო განცხადება

ირაკლი შიხიაშვილის საგანგებო განცხადება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის მერი, გიგი უგულავა სატელევიზიო დებატებში გამოიწვია, რასაც უგულავამ თავი აარიდა. ირაკლი შიხიაშვილი ავრცელებს საგანგებო განცხადებას და საუბრობს იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც სურდა პირდაპირ ეთერში კითხვები უგულავასთვის დაესვა, რათა მოსახლეობისთვის, როგორც თვითონ ამბობს, კიდევ ერთხელ დაენახვებინა უგულავას ნამდვილი სახე. 

„თბილისში 8000–მდე ამხანაგობა არსებობს და წლების განმავლობაში (2006–2013) რამდენიმე ათეული მილიონი ლარი (თითქმის 100 მილიონი) იქნა გამოყოფილი მათ დასაფინანსებლად. ფინანსდებოდა ამხანაგობების თავმჯდომარეების ხელფასები და სხვადასხვა პროგრამები (ლიფტების შეკეთება, სახურავები და სხვა). ასევე ფინანსდებოდა ყოველწლიურად მათი ქალაქგარეთ სემინარებზე გაყვანა და კონკრეტულად ეს ღონისძიება საკმაოდ ძვირი უჯდებოდა ბიუჯეტს (მგზავრობა, სასტუმრო, სუფრები და სხვა). მივყვეთ თითოეულ მიმართულებას: – 8000 თავმჯდომარიდან დაფინანსებას მუდმივად იღებდა ყოველკვარტალურად 4000, მეორე მხრივ არის 4000 თავმჯდომარე, რომელსაც არასოდეს მიუღია დაფინანსება. საქმე მარტივად არის, – ვინც ხელფასს იღებდა, იყო მისაღები ხალხი, ხოლო ვინც არ იღებდა, მათ განწყობა არ მოსწონდათ.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა – რატომ ვერ ცვლიდნენ არასასურველ ადამიანებს? ამაზე მოგახსენებთ, რომ თავმჯდომარეს ირჩევს კორპუსის მოსახლეობა და ყველგან ვერ ხერხდებოდა სასურველი კანდიდატების გაყვანა.

4000 თავმჯდომარე, რომელიც ხელფასს იღებდა, ასევე ორად იყოფა. ნახევარი (2000) მუდმივად იღებდა ხელფასს (ყოველკვარტალურ წახალისებას) და მეორე ნახევარი ჭადრაკულად, ანუ მონაცვლეობით.

ვინ იყო ეს ხალხი და რატომ იყო ასეთი მიდგომა? ვინც მუდმივად იღებდა ხელფასს, იყო პარტიული აქტივი, ანუ ხალხი, რომელიც ხელფასს პარალელურად იღებდა დასუფთავების საწარმოში და თბილისის განვითარების ფონდში, ასევე სხვადასხვა წყაროდან მათ ჰქონდათ სხვადასხვა სახის სიკეთეები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ და ვადგენთ. დანარჩენი 2000 თავმჯდომარე იყო კეთილგანწყობილი ხალხი, რომელსაც ასევე პერიოდულად ეძლეოდა ხელფასი. ჯამში ხელფასის სახით გაცემული თანხები წლების განმავლობაში ათობით მილიონია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული წესი, თუ რა პრინციპით უნდა მომხდარიყო წასახალისებელი თავმჯდომარეების შერჩევა (თუ რამე წესს დადებენ, იქნება უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული, ან გაყალბებული), ეს ყველაფერი ხდებოდა სუბიექტური მოსაზრებებით.

ჟურნალისტები ხშირად მისვამენ კითხვას – თქვენ ხომ ფრაქციის წევრი იყავით და ამას ადრე ვერ ხედავდითო?

მე ბევრ რამეზე არ მქონდა ინფორმაცია. ეს ყველაფერი საკმაოდ შენიღბულად კეთდებოდა, ეჭვებით ვერ ისაუბრებდი, საჯარო განცხადებები შედეგის მომტანი არ იქნებოდა. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ადამიანი სერიოზული რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ თუ არა ამ ადამიანებმა (ამხანაგობების თავმჯდომარეებმა), რით იყვნენ დაკავებულები. ძალიან ბევრი ამხანაგობის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი, ისეთებთანაც, ვინც პრივილეგირებული იყო და ისეთებთანაც, ვინც იჩაგრებოდა. დღეს ისინი გულახდილად საუბრობენ და არანაირი შიშის გრძნობა აღარ აქვთ, აცხადებენ, მთელს თბილისს ყელში აქვს ამოსული გიგის ბინძური პიარ–აქციები, სადაც ჩვენ გვიყენებსო. დაჩაგრული ხალხი, ვინც ხელფასს ვერ იღებდა, კარგად აღიქვამდა რეალობას, მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თანხის მიღების სურვილმა არ შეაცვლევინა მათ პოზიციები. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც წახალისების სიაში ხვდებოდა, მათ შორის უამრავი ძალიან საპატივცემულო ქალბატონები და ბატონები, ქვეყნის მოყვარული, კარგი ოჯახის, შვილების და შვილიშვილების პატრონები არიან. მათ ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული ამ პროგრამის ფარგლებში. მათ გულწრფელად სჯეროდათ იმ საქმის, რასაც აკეთებდნენ და უხერხულობის შეგრძნებაც ამის გამო დღემდე არ აქვთ. ისინი ვერ ხედავდნენ, როგორ ოსტატურად ხდებოდა მათთან სხვადასხვა კომპანიების მიგზავნა და მათთვის სასურველი საქმის (ამხანაგობისთვის აქტუალური საკითხის – ვთქვათ სახურავის მოწესრიგება და ა.შ.) საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით ძვირად მოგვარება. ამის თქმის საფუძველი ჩემი წინასწარი ინფორმაციით არსებობს, მიდის აქტიური მუშაობა და შედეგებიც ზუსტად იქნება ცნობილი.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა – იყო თუ არა კორუფციული მომენტები? შესაძლებელია იყო, თუმცა ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – ამხანაგობების თავმჯდომარეების მონაწილეობა ამ საქმეში გამორიცხულია. მე დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩემი საუბრის საპასუხოდ იტყვიან, რომ კომპანიების შერჩევის პროცესს თვითონ ამხანაგობები და თავმჯდომარეები აკონტროლებდნენ და მერია არაფერ შუაშია. სწორედ ეს არის საინტერესო, როგორ ახერხებდა ერთი და იგივე კომპანია ქალაქის ყველა რაიონში ყველა ამხანაგობისთვის მოეწონებინა თავი და გაეფორმებინა კონტრაქტი. ჩვენ გვაქვს ასეთი მაგალითები და სწორედ ამას სწავლობს სარევიზიო კომისია.

ხაზგასმით ვაცხადებ – არავინ ჩათვალოს, რომ ვინმეს (რომელიმე კომპანიას) დაუსაბუთებლად ვუყენებ ბრალს, განსაკუთრებით ამხანაგობების თავმჯდომარეებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ რამე კორუფციული მომენტები იყო ამ პროგრამებში, მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. უბრალოდ გულსატკენია ის, რომ ქალაქის მერი ვაჟა–ფშაველას ნუკრის თვალებით გვიყურებს ხოლმე და გვესაუბრება ამხანაგობის თავმკჯდომარეების და „მისთვის საინტერესო“ პროგრამების ბედზე, რატომ არ ფიქრობდა თბილისელებზე და უამრავ საპატივცემულო ამხანაგობის თავმჯდომარეზე მაშინ, როდესაც ხალხს აფორმებდა ფიქტიურად მერიის შ.პ.ს–ებში და ხელფასის სახით მილიონებს არიგებდა, როდესაც თბილისის განვითარების ფონდიდან ტომრებით ფული გამოჰქონდა (ათეულობით მილიონი, ჩემი აზრით, 50 მილიონზე მეტი აქვს გამოტანილი) და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არიგებდა ხელფასებს (სხვათაშორის, ჩემი ინფორმაციით, აქაც პრობლემებია. კერძოდ, გამოტანილ და დარიგებულ თანხებს შორის დიდი სხვაობაა გამომტანის, უგულავას სასარგებლოდ), გასცეს პასუხი „ადამიანებზე მზრუნველმა“ მერმა თავისივე პარტიის უბნის უფროსებს და მიკროკოორდინატორებს, რატომ არ გასცა მათთვის განკუთვნილი ის ფული, რომელიც 10 მილიონამდე იყო და მისი მოადგილის კაბინეტში ინახებოდა. რატომ არ აკეთებდა ანალიზს, რომ იმ დროის განმავლობაში რაც ის მერია, მის ხელში გაიარა რამოდენიმე მილიარდმა ლარმა (4 ან 5 მლრდ) და აქედან ჯამში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას – ავარიულ სახლებს, მაქსიმუმ 1% (დაახლოებით 50 მლნ ლარი) დაახარჯა, თანაც იმ ფონზე, როცა გაცილებით მეტი სხვადასხვა კონცერტებზე და გართობაზე აქვს დახარჯული, დაახლოებით 60 მლნ.

ეს არის ის მიზეზები, რის გამოც შევაჩერეთ ამხანაგობების წახალისების პროგრამა. მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ პატიოსან თავმჯდომარეს, ვინც ამ გადაწყვეტილების გამო ზიანი მიიღო. გპირდებით, რომ მალე ჩვენ ახალ წესს შევიმუშავებთ და დაფინანსებაც გახდება ბევრად გამჭვირვალე და სამართლიანი. შეუძლებელი იყო შევგუებოდით ამხელა თანხების ასე უკონტროლოდ ხარჯვას.

გულწრფელად ვამბობ – მე ვიქნებოდი უბედნიერესი ადამიანი ასეთ საკითხებზე სასაუბრო რომ არ მქონდეს, ვიქნებოდი ბედნიერი, თუ დღეს ჩვენ ვისაუბრებდით თბილისის განვითარების გენერალურ სტრატეგიაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ვებრძოლოთ იმ უამრავ პრობლემას, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს და არ ვიფიქრებდეთ და არ ვისაუბრებდით იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ერთი კაცის სურვილების მიხედვით ჩვენი და ჩვენი შვილების ფულის ხარჯვა. გპირდებით მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ ამ სახის პრობლემები წარსულს ჩაბარდეს, ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდეგ მისი განხორციელება იყოს შესაბამისი იმ გამოწვევების, რომლებიც დღეს ქალაქის წინაშე დგას. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ვერ შევეგუებით იმას, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ქალაქის რომელიმე უბანში ვხარჯოთ სოლიდური თანხები სადარბაზოების რემონტზე და იქვე გვერდით კორპუსი ინგრეოდეს და დაგვიანებული ჩარევის გამო, როდესაც ბიუჯეტს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები, პრიორიტეტები სწორად უნდა იქნას შერჩეული. სადარბაზოს რემონტი არ არის უკიდურესად აუცილებელი და სიკვდილ – სიცოცხლის ან უკეთეს შემთხვევაში ქუჩაში დარჩენის ტოლფასი საკითხი. ასეთია ჩვენი პოზიცია და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა თბილისელს, რომელიც ელოდა საკუთარი სადარბაზოს გაკოხტავებას და ეს პროგრამა წელს აღარ ხორციელდება. მენდეთ, ეს საკითხიც მოგვარდება, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის საკითხების მოგვარების შემდეგ.“