2 ოქტომბერს, 18.00 მწერალთა სახლი გიწვევთ კახა კაციტაძის წიგნის „ყოფიერება და ხელება“ პრეზენტაციაზე. კახა კაციტაძის უახლოესი მეგობარი და წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი დავით ანდრიაძე ამბობს: „კახა კაციტაძე ქართული ჰუმანიტარიის უახლოესი თაობის ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. იგი 2012 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა უაღრესად მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. კახა კაციტაძის ინტერესთა სფერო მრავალსახოვანია-ფილოსოფიის ისტორია და მითოლოგია, კულტურისა და ხელოვნების ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა და სამხედრო ფილოსოფია.
კახა კაციტაძემ სიცოცხლეში სულ სამი წიგნის გამოცემა მოასწრო: „სუბიექტის აქტივობის პრობლემა უახლოეს ევროპულ ფილოსოფიაში“ (ეს მისი სადოქტორო დისერტაციაც იყო), „სტრატეგიის საფუძვლები“ და „Homo militaris-ადამიანი მეომარი“.
წიგნი, რომელიც ახლახან კახა კაციტაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუმა გამოსცა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრის“ გრიფით, სათაურით „ყოფიერება და ხელება“ ფილოსოფიის სხვადასხვა დროს დაწერილი თხზულებების კრებულია, რომელთაგან „ყოფიერება და ხელება“ პირველად იბეჭდება.
კახა კაციტაძეს ჩაფიქრებული ჰქონდა წიგნი „ენა და სუფევა“ 8 წიგნაკად, რომელთაგან მხოლოდ „ყოფიერება და ხელებას“ დასრულება შეძლო.“
წინამდებარე გამოცემა, რომლის რედაქტორ-შემდგენლებიც არიან დავით ანდრიაძე, ზაზა შათირიშვილი და ბელა ბერაძე , მოიცავს კახა კაციტაძის შრომებს „ყოფიერება და ნდობა“(ფიროსმანის შემოქმედების ექსისტენციალურ-ონტოლოგიური ანალიზისთვის“), „ხელთმყოფი ყოფიერების პრობლემა და ჰიერონიმუს ბოსხის მხატვრობა“, „ქართლის ცხოვრების ერთი ტექსტის მითო-სემანტიკური ინტერპრეტაციისთვის“, „მოსწავლის ტანჯვა“(გურამიშვილის შემოქმედების ჰერმენევტიკული ჰორიზონტისათვის), „რომანტიზმის ფილოსოფიური საფუძვლები“, „გამარჯვებული პოსტმოდერნიზმის ქვეყანაში“.
საღამოზე მოწვეული არიან ბატონი კახას მეგობრები, მისი სტუდენტები, კოლეგები და ყველა, ვისთვისაც ახლობელია ბატონი კახა და მისი ნაწერები.
გთხოვთ, მობრძანდეთ!!!