საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებიდან ერთი წლისთავზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ცენტრალურ ოფისთან კოალიციის მხარდამჭერ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ცენტრალურ ოფისთან ახალგაზრდები სიმბოლურად თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით მივიდნენ. ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას იმ მხარდაჭერისთვის, რაც „ქართული ოცნებას“ ერთი წლის წინ გამოუცხადეს. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს 27 ოქტომბერს მაქიმალური აქტივობისკენ მოუწოდა.
„არ დაიზაროთ, არ შევრცხვეთ ქართველები, ძალიან გთხოვთ როგორც მაშინ, ახლაც დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ. შევქმნათ პრეცედენტი, რომ საქართველოში არა ევროპული ტიპის, არამედ ევროპული არჩევნები ჩატარდება. ყველას გთხოვთ, აუცილებლად გადადეთ ყველაფერი და 27 ოქტომბერს მოდით არჩევნებზე. გიორგი მარგველაშვილის პირობებში გარწმუნებთ საქართველო ბედნიერი იქნება“-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვისთვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებას კოალიცია მოკრძალებულად აღნიშნავს, „ დღევანდელი დღეც ჩვენთვის სამუშაო დღეა, მთავრობის სხდომა იყო, მთელი წელი მეტი დრო დავუთმეთ მუშაობას და ნაკლები პიარს. ამიტომ ავღნიშნავთ ასე მოკრძალებულად ჩვენს შარშანდელ გამარჯვებას. მოგიწოდებთ მეტი აქტიურობისკენ 27- ში. მომავალი წელიც ასევე იქნება სამუშაო წელი, როგორც პრეზიდენტისთვის ასევე მთავრობისა და პარლამენტისთვის“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ახალგაზრდებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ კოალიციის ლიდერები: ირინა იმერლიშვილი, არმაზ ახვლედიანი და დავით საგანელიძე.