საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ჯგუფები ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით სარგებლობენ და ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მოტივით ამომრჩეველთა მონაცემებს აგროვებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ყველა მცდელობას და მზად არის ხელი შეუწყოს ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მხოლოდ მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ნუ ისარგებლებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით.
აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგების პროცესი დაიწყეს. ამ ბარათების მეშვეობით ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები: მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს ისარგებლონ ყველა არსებული საშუალებით და გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში.
ამომრჩეველთა ერთიანი სია - http://voters.cec.gov.ge/
ცესკო-ს ცხელი ხაზი - 2 51 00 51
ონლაინ ჩეთი - http://www.cec.gov.ge/webim/client.php?locale=ge
ონლაინ ოპერატორი - http://call.cec.gov.ge:8080/?job=click2call