საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე უნგრეთის სახელმწიფო მდივანს საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პიტერ სიიარტოს შეხვდა.
უნგრული მხარე გაეცნო საპარტნიორო ფონდის მანდატს, და შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ პიტერ სიიარტო კარგად იცნობს ქართულ ეკონომიკას, რამდენადაც ის უნგრული მხრიდან საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომიტეტის თანათავმჯდომარეა.
უნგრულმა მხარემ საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების სურვილი და ინტერესი გამოხატა.
ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, უნგრულ დელეგაციასთან შეხვედრა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო. „ჩვენი კოლეგები საკმაოდ კარგად იცნობენ საქართველოს დღევანდელობას დღეს, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ მათ თანამშრომლობის გაღრმავების დიდი სურვილი აქვთ. ეს ძალიან კარგ და პოზიტიურ სიგნალად მიმაჩნია. ბატონი სიიარტო განსაკუთრებით დაინტერესდა ფონდის შესაძლებლობით ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებთან მიმართებაში. კერძოდ, განვიხილეთ საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში უნგრული მხარის მონაწილეობის შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა სიიარტომ დაადასტურა უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის მზადყოფნა, 350 მილიონი ევროს მოცულობით დააფინანსოს ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციას განახორციელებენ“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ
პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრული მხარე ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. „ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომიტეტის ფარგლებში საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. დღეს მოვისმინეთ საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობების შესახებ და შემიძლია ვთქვა, რომ ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით ჩვენი მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივების ავტორი იქნება. ფონდის დირექტორთან საუბრისას შევთანხმდით, რომ ინიციატივები ასევე იქნება ქართული მხრიდან. ცხადია, ჩვენი გამოცდილების და შესაძლებლობების გაზიარება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს,“ - განაცხადა უნგრული დელეგაციის ხელმძღვანელმა პიტერ სიიარტომ.
ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ საპარტნიორო ფონდის ეგიდით და ძალისხმევით და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ჩართულობით უკვე დეკემბრის თვეშივე თბილისში გაიმართება ქართულ-უნგრული ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა შეეძლება ყველა დაინტერესებულ კომპანიასა და ბიზნეს-სუბიექტს, როგორც ქართული, ისე უნგრული მხრიდან. მისი თქმით, ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ წელსვე და განსაკუთრებით მომავალ წელს საქართველოში მნიშვნელოვანი უნგრული ინვესტიციები შემოვიდეს.