ფონდმა „ქართული გალობა“ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გამართა უნიკალური რეპერტუარი უნიკალური შესრულებით რუსთაველის თეატრის სცენაზე
28 სექტემბერს, რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე ფონდმა „ქართული გალობა“ ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა.
რუსთავლეის თეატრის სცენაზე ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერები კიდევ ერთხელ აჟღერდა. უნიკალური რეპერტუარი უნიკალური შესრულებით რუსთაველის თეატრის სცენაზე ანსამბლმა „რუსთავმა“ ჩანაწერის საშუალებით მომღერალთან ერთად შეასრულა.
,,თბილი, ხელშესახები, მიწიერი და ამავდროულად – ამაღლებული”, - ამ ფრაზით კონცერტზე გონაშვილის უკვდავი შემოქმედება შეფასდა. კონცერტის წამყვანმა, ანზორ ერქომაიშვილმა სათითაოდ გააცოცხლა გონაშვილის მიერ შესრულებული სიმღერების ისტორია, გაიხსენა მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი და ფონდ ,,ქართული გალობის” მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ერქომაიშვილის შეფასებით, ქართული ფოლკლორის სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო. ამ მხრივ, მისი თქმით, გამორჩეული სახეა ჰამლეტ გონაშვილი, რომლის შემოქმედება მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.
კონცერტს უმრავი მაყურებელი ჰყავდა: მომღერლები, კომპოზიტორები, ლოტერატორები, დრამატურგები... თითოეულმა მათგანმა დიდი მომღერალი და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენა. მის თითეულ სიმღერას უამრავი ემოცია და უამრავი აპლონდისმენტი ახლდა.
საიუბილეო საღამოზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, შეეძინა ჰამლეტ გონაშვილის განახლებული ორი კომპაქტური დისკისგან შემდგარი CD და DVD ალბომები და მონოგრაფია, რომელიც ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამოვიდა. გაყიდული ალბომებიდან შემოსული თანხა მომღერლის ოჯახს გადაეცემა.
ფონდი წლის ბოლომდე რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს, რომელთაგან აღსანიშნავია: გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობისა უმაღლესი სასწავლებლის შენობის რემონტი და აღნიშნული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამის დაწყება, გალობის სასწავლო აუდიო ალბომის გამოცემა, ღვაწლმოსილ ლოტბართა საღამოების გამართვა რეგიონებში, ივეტ გრიმოს საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემა, ფონდის საიტი და სხვა.
ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდი „ქართული გალობის“ პირველი ღონისძიება - დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი 11 ივნისს გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები. ფონდმა მათ საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა.