სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ფონდის მიზნებსა და საქმიანობის სფეროებზე დეტალურ ინფორმაცია წარადგინა.
გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ფონდში მაქსიმუმ 1 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც ფონდის დაახლოებით 15% შეადგენს.
ბაჩიაშვილის მიმართვას პრეზენტაციის მონაწილეებისადმი "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ფონდის შექმნის იდეა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნეს გარემოსგაუმჯებესების სურვილიდან გამომდინარე გაჩნდა. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შექმნილია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისაგან მოზიდული სახსრების კომერციულად მიმზიდველ პროექტებში ინვესტირებისთვის. ეს არის კერძო, პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც დასავლური პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
ფონდი დარეგისტრირებულია შეზღუდული პარტნიორობის იურიდიული ფორმით, ბრიტანული სამართლის შესაბამისად. მსგავსი ფონდებისთვის ეს მსოფლიოში ყველაზე მისაღები იურიდიული ფორმაა. იგი უზრუნველყოფს ფონდის რეგულირების და დაცულობის ისეთ დონეს, რომელიც უცხოელი ინვესტორების მოთხოვნებს შეესაბამება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდს უხელმძღვანელებს საქართველოში დარეგისტრირებული, სპეციალურად შექმნილი მმართველი კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებით.
ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა ამჟამად 6 მილიარდ დოლარს უტოლდება. 5 წლიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში ფონდი თანაინვესტორებთან ერთად 10 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავს.
ფონდის შექმნის იდეა პირველად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის დეკემბერში გააჟღერა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებში.
მმართველი გუნდი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა ფონდის ჩამოყალიბების პროცესზე, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავდა: 1. ფონდის კონცეფციის შემუშავება, 2. პოტენციური ინვესტორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, 3.საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად ფონდის სტრუქტურის ჩამოყალიბება, და მისი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება.
ხსენებული პროცესის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე. ამჟამად განიხილება ათამდე პროექტი, რომლებიც ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს მოიცავს და მათი ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევს. დღეიდან"საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" ღიაა ქართველ და უცხოელ პირებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის. ფონდის ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ინვესტორებთან ინტენსიურ თანამშრომლობას გულისხმობს.
ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები უამრავ პოტენციურ ინვესტორთან, რომელთა ნაწილიც ჩვენი ინიციატივით დაინტერესდა.
დღეს, ფონდის ინვესტორების წარმომადგენლების ნაწილი ამ დარბაზში იმყოფება. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო მათ ნდობის გამოცხადებისთვის.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მათ სჯერათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის და ჩვენს მიერ შერჩეული საინვესტიციო პოლიტიკის. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ინვესტორები, ანუ ფონდის შეზღუდული პარტნიორები არიან: აბუდაბიჯგუფი (Abu Dhabi Group) და რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (Ras Al Khaimah Investment Authority from UAE),
მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (Milestone International Holdings from the People’s Republic of China),
ბატონი ბიძინა ივანიშვილი (Mr. Bidzina Ivanishvili), ბატონი ალექსანდრე მაშკევიჩი (Mr. Alexander Moshkevich), ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი (Estate of Badri Patarkatsishvili), ყაზტრანსოილის (KazTransOil) შვილობილი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited),
ჩალიკ ჰოლდინგზი თურქეთიდან (Chalik Holdings) და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი (State Oil Fund of Azerbaijan).
როგორც აღვნიშნეთ, ჩამოთვლილი ინვესტორები ფონდში შეზღუდული პარტნიორები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი მართვაში არ იღებენ აქტიურ მონაწილეობას.
ფონდს ჰყავს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც აწარმოებს ოპერაციებს, მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფონდს. ფონდი პროექტებს განახორციელებს თანაინვესტორებთან ანუ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. რიგ შემთხვევებში ისინი თავად მიმართავენ ფონდს თანამშრომლობის მიზნით, ხოლო ზოგ შემთხვევაში კონკრეტული გამოცდილებისა და კომპეტენციის საფუძველზე თავად იქნებიან ფონდის მიერ მოწვეულნი.
ფონდის მმართველი გუნდი ასევე არ გამორიცხავს პროექტების ინიცირებას, და განხორციელების პროცესში პარტნიორებისთვის მათ შეთავაზებას.
გაგაცნობთ მმართველი კომპანიის სტრუქტურას. მას მართავს აღმასრულებელი და სამი მმართველი დირექტორი, რომლებიც ფონდის სხვადასხვა სტრატეგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ.
ფონდის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ასევე წარმოადგენენ ფინანსური, იურიდიული და რისკებისა და ანალიზის დეპარტამენტები.
წარმოგიდგენთ მმართველ გუნდს. როგორც უკვე აღვნიშნე, მე გახლავართ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ჩემთან ერთად ფონდს ხელმძღვანელობენ მმართველი დირექტორები, ბატონები: ცოტნე ებრალიძე - ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში, გიორგი კიკვაძე - სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის დარგებში, და ირაკლი მენაბდე - ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და წარმოების დარგებში.
მმართველი გუნდის ყველა წევრს გააჩნია წამყვან დასავლურ ბიზნესის სკოლებში მიღებული მაღალი დონის განათლება და მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების მართვისა და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით.
გადავინაცვლებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძირითად მიზნებზე. ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში: ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელება, ფონდის ქართველ და უცხოეულ ინვესტორებზე მაღალი უკუგების მაჩვენებლის უზრუნველვყოფა საერთაშორისო მასშტაბებით მოღვაწე, მსხვილი კომპანიების მოზიდვა და ქართულ ბაზარზე შემოყვანა. საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი კაპიტალის მიწოდების უზრუნველყოფა და ფონდის დაარსებიდან 7-9 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტიდან წარმატებული გამოსვლა, რაც გულისხმობს პროექტებში არსებული წილის I.რომელიმე პარტნიორზე გასხვისებას II. სხვა სტრატეგიულ თუ ფინანსურ ინვესტორზე გასხვისებასან III.ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პირველად საჯარო შეთავაზებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო პროექტების მინიმალური ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ფონდის თანამონაწილეობა 25-დან 75%-მდე განისაზღვრება. ვფიქრობთ, რომ მსგავსი მოქნილი შეთავაზება ფონდს უფრო მიმზიდველს გახდის პოტენციური პარტნიორებისთვის.
რა არის ფონდის საინვესტიციო ფილოსოფია - მობილიზებული თანხების ინვესტირება მოხდება ეტაპობრივად 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მინიმუმ 80%-ის განთავსება მოხდება საქართველოში, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, არ გამოვრიცხავთ მათ განთავსებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისევ და ისევ საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ქართული საწარმოს წარმომადგენლობა საზღვარგარეთ, ქართული კომპანიისთვის ნედლეულის მომწოდებელი ან სხვა. საინვესტიციო საქმიანობის დაწყებამდე ფონდმა განსაზღვრა შემდეგი ძირითადი საინვესტიციო მიმართულებები: ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება.
მოგახსენებთ რა კრიტერიუმებით მოხდა პრიორიტეტული სექტორების შერჩევა - პირველ რიგში მიმართულება უნდა ყოფილიყო ინვესტორთათვის მიმზიდველი. აუცილებელია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით ის ასევე მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის განვითარების სტრატეგია და უპირატესობები.
პერსპექტიული - იმ გაგებით, რომ სექტორი გლობალური მასშტაბით მზარდი უნდა იყოს.
კონკურენტუნარიანი - იმ მხრივ რომ საქართველოს შერჩეულ დარგში უნდა გააჩნდეს გარკვეული კონკურენტული უპირატესობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით
და ბოლოს, შერჩეულ სექტორში, საქართველოში უნდა არსებობდეს კაპიტალზე დიდი მოთხოვნა. ჩვენი სტრატეგია არ ითვალისწინებს ბაზრის გაჯერებულ სეგმენტებზე შესვლას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფონდი არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ძირითადი მიმართულებებით და დაინტერესების შემთხვევაში ღიაა პროექტების განხილვისთვის ნებისმიერ სხვა დარგში.
აქვე დავამატებ, რომ ფონდი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ სპეკულაციურ გარიგებებში, როგორიცაა ნედლეულით, ვალუტით ან უძრავი ქონებით ვაჭრობა.
მოგითხრობთ საინვესტიციო პროცესის შესახებ:
პირველ ეტაპზე, "საქართველოს თანაინვესტირების ფონდში", პროექტის მიღებიდან დაახლოებით 1-2 კვირის ვადაში, ხდება პროექტის პირველადი ანალიზი და იმის განსაზღვრა, ღირს თუ არა მისი ძირეული შესწავლა.
მეორე ეტაპზე პროექტს განიხილავს ფონდში არსებული საინვესტიციო კომიტეტი, რომელიც აყალიბებს თანაინვესტორებთან და ბანკებთან თანამშრომლობის წინაპირობებს.
თანამშრომლობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ იწყება პროექტის დეტალური გამოკვლევა. ეს პროცესი შეიძლება გულისხმობდეს გარე ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩართვასაც.
პროექტის დეტალური გამოკვლევის შედეგად დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ფონდი მიიღებს გადაწყვეტილებას ინვესტირების შესახებ, რის შემდეგაც გადავა იურიდიულად გაფორმებაზე და ინვესტიციის განხორციელებაზე. ინვესტირების სრული პროცესი საშუალოდ 7დან-14 კვირამდე გაგრძელდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტებში ინვესტირებისას ფონდი მხოლოდ კაპიტალში მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ფონდი ითანამშრომლებს ბანკებთან პროექტებისთვის სასესხო რესურსის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება ჩვენთან პარტნიორობის უპირატესობებს:
ფონდი კონცენტრირებულია გრძელვადიან სტრატეგიაზე! - რაც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ პარტნიორებს უზრუნველვყოფთ გრძელვადიანი რესურსით.
ფართო ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა! - რაც ნიშნავს იმას რომ ფონდი იქნება ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის; ფონდის საქმიანობა იქნება - გამჭვირვალე, ხოლო ინფორმაცია პროექტების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომი;ფონდი და მის მიერ განხორციელებული პროექტიაუდირებული იქნება მსოფლიოსწამყვანი კომპანიების მიერ.
ასევე, ჩვენთან პარტნიორობის უპირატესობაა ობიექტურობა და პრაგმატულობა!- რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვიქნებით შედეგებზე ორიენტირებულნი და სრულიად მიუკერძოებელნი.
პროცესში პირდაპირი ჩართულობა! - ჩვენ კაპიტალის ინვესტირებასთან ერთადპროექტის განხორციელების პროცესში უშუალოდ ვართ ჩართულნი ჩვენი გამოცდილებითა და კომპეტენციით.
და ბოლოს შეუზღუდავი ოპერირება! - რაც მრავალმხრივი და მრავალდისციპლინური საერთაშორისო გამოცდილების გამოყენების თავისუფლებას გულისხმობს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფონდს გარდა ფინანსური რესურსისა, ბევრი დამატებითი სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოსთვის.
ფონდი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებში. ნება მომეცით უფრო ვრცლად მოგახსენოთ მისი პოზიტიური გავლენის შესახებ:
ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ღირებულების მინიმუმ 80% იქნება ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც მნიშვნლოვან სტიმულს მისცემს ეკონომიკას.
ფონდი საქართველოში გამოცდილ საერთაშორისო კომპანიებს მოიზიდავს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ახალი კომპანიების ჩამოყალიბებას.
თანაინვესტირების პრინციპის საფუძველზე ფონდი ხელს შეუწყობს ქვეყნის ინვესტორთა ბაზის გაფართოებას. ფონდის მიერ ბაზარზე შესვლის რისკების გაზიარება ინვესტორთათვის იმ დამაბრკოლებელ წინაღობას გააქრობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფერხებდა მათ.
რამდენიმე მსხვილი ფონდის, თუნდაც მცირე ინვესტიციებით, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ინვესტორთა თვალში განამტკიცებს და გაზრდის საქართველოსადმი ნდობას. მსხვილი ფონდების შემოსვლას თან მოჰყვება შედარებით მცირე ზომის კომპანიების შემოსვლა.
საბოლოო ჯამში კი ეს პროცესი აყალიბებს ჯანსაღ საინვესტიციო ეკოსისტემას.
პირდაპირი ინვესტიციები და განსაკუთრებით ახალი საწარმოების დაარსებისთვის ჩადებული კაპიტალი უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს უწყობს დასაქმების პრობლემის გადაჭრას. უცხოურ ინვესტიციებს აგრეთვე პოზიტიური გავლენა აქვს დასაქმების ხარისხისდა დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის პარტნიორები ხშირ შემთხვევაში იქნებიან საერთშორისო კომპანიები, ჩნდება სერიოზული წინაპირობა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიებისა და კნოწ-ჰოწ-ს დანერგვისთვის. უმეტეს შემთხვევაში ინვესტიციების შემოსვლას თან სდევს ტექნოლოგიების ტრანსფერი და პროდუქტიულობის ზრდა რაც დადებითად აისახება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.
ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოებული ახალი პროდუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ექსპორტს და ჩანააცვლებს იმპორტს რაც ჩვენი საქმიანობის თითქმის ყველა ძირითადი მიმართულების საქმიანობის შედეგია. მაგალითად:
ელექტროენერგია! ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტია; ტურიზმი, რომლის პოტენციალი საქართველოში საკმაოდ დიდია, მაკროეკონომიკურ ჭრილში, ასევე შეიძლება აღვიქვათ, როგორც ექსპორტის ნაირსახეობა;
ასევე, სოფლის მეურნეობაც და წარმოებაც პირველ რიგში ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის ზრდას. ინვესტორებს, პოტენციურ პარტნიორებს, მედიასა და ფონდის საქმიანობით დაინტერსებულ პირებს დღეიდან შეეძლებათ ფონდის შესახებ დეტალური და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღება ჩვენს ვებგვერდზე: - GCFund.ge.