Washington Post - რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლას ახდენს, რათა მის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდნენ "რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლას ახდენს, რათა მის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდნენ", - ამ სათაურით აქვეყნებს Washington Post სარედაქციო საბჭოს წერილს.
როგორც ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო აღნიშნავს, რუსეთი აშინებს და ყველანაირად ცდილობს დაბლოკოს საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ნაცვლად ამისა, მათ საკუთარ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აიძულებს.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან, სადამსჯელო ღონისძიებებისა და მოსყიდვის სამიზნე იყო საქართველო, სომხეთი და უკრაინაც. კრემლის მიზანია დაბლოკოს ეს ქვეყნები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დასრულებისგან და აიძულოს ისინი, გაწევრიანდნენ რუსეთის საბაჟო კავშირში, რომელიც ევროკავშირს გაუწევს მეტოქეობას და შესაძლებელს გახდის პუტინის ოცნების რეალიზებას - შექმნას რაღაც საბჭოთა კავშირის მსგავსი", - წერს Washington Post-ის სარედაქციო საბჭო.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პუტინმა გამარჯვებას ამ თვის დასაწყისში მიაღწია, როცა სომხეთი, რომელიც რუსეთზე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის დამოკიდებული, დანებდა და განაცხადა, რომ შეუერთდება ევრაზიულ კავშირს, რომელშიც ჯერჯერობით დიქტატორიული ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი არიან გაწევრიანებული.
"მაგრამ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო სიმტკიცეს ინარჩუნებენ და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ევროკავშირთან შეთანხმებებს ნოემბერში დაგეგმილ რეგიონალურ სამიტზე. ნამდვილად გაბედული არჩევანია სამივე სახელმწიფოსთვის. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და თავისუფალი სავაჭრო სარგებლით, რომელიც მას მოჰყვება, სამივე ქვეყანამ შორსმიმავალი რეფორმები უნდა განახორციელოს არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში, არამედ ისეთ საკითხებშიც, როგორც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სისხლის სამართლის კოდექსია. მათ ასევე პოლიტიკური ტესტები აქვთ ჩასაბარებელი: საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართოს. უკრაინამ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ამჟამინდელი ხელისუფლების ოპონენტის, დაპატიმრებული იულია ტიმოშენკოს საკითხი უნდა გადაჭრას", - წერს Washington Post-ის სარედაქციო საბჭო.