"ქართველები არჩევნებისთვის იმ მღელვარების ფონზე ემზადებიან, თუ რა მოჰყვება არჩევნებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ნიკოლას კლეიტონის სტატიას გამოცემა Global Post.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთი რამ ცხადია: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პიროვნება ხელისუფლებას დატოვებს.
"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის გამო მიდის ხელისუფლებიდან, აცხადებს, რომ ღვინის ინდუსტრიის ხელშეწყობას გეგმავს. თანამდებობიდან გადადგომის პირობა დადო მისმა მწვავე მეტოქემაც, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიზნის მიღწევიდან – სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებისთვის ჩამოშორებიდან - ერთი წლის შემდეგ მიიღო", - წერს ნიკოლას კლეიტონი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ქვეყანას ათწლეულის განმავლობაში მართავდა. მისივე თქმით, კოლუმბიის უნივერსიტეტში განათლებამიღებული სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა, რომელმაც ბოლო მოუღო კორუფციულ, ექს-საბჭოთა რეჟიმს.
"მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ბევრი წარმატებული რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო დაშლილი ეკონომიკის აღდგენას. მაგრამ კრიტიკოსები მის მმართველ ელიტას ხელისუფლების მონოპოლიზებასა და კანონის უზენაესობის გათელვაში ადანაშაულებდნენ, ასევე საცხოვრებელი პირობების ვერგაუმჯობესებაში", - აღნიშნავს ნიკოლას კლეიტონი.
როგორც სტატიის ავტორი წერს, განმარტოებული ფილანტროპი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი კი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, ასპარეზზე 2011 წელს გამოჩნდა და სააკაშვილის საწინააღმდეგო ოპოზიციურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. აგრესიული კამპანიის შემდეგ მისმა კოალიციამ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
"ორ ლიდერს შორის გაჩაღებულმა საჯარო დაპირისპირებამ ქვეყნის სტაბილურობის შესახებ ეჭვები წარმოშვა. მაგრამ გაურკვევლობა, ვინ დაიკავებს მათ ადგილს მათი ხელისუფლებიდან წასვლის შეემდეგ კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს მომავალთან დაკავშირებით. ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი თავისი ქონებისა და გავლენის გამოყენებას გეგმავს, ქვეყნის მმართველობა რომ გააგრძელოს, თუმცა ამჯერად კულისებიდან და ანგარიშვალდებულების გარეშე", - წერს ნიკოლას კლეიტონი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს ახალშექმნილ, 6-მილიარდიან "საქართველოს თანაინვესტირების ფონდსაც", რომელიც ქვეყნის განვითარების პროექტების დასაფინანსებლად შეიქმნა.
"არასამთავრობოებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს კითხვები უჩნდებათ ფონდის ძირითად დამფინანსებლებთან, რომელთა უმრავლესობაც ნაკლებად გამჭვირვალეა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ დიდძალი თანხა ივანიშვილს მისცემს შესაძლებლობას მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის მონოპოლიზება, იმავდროულად კი, ასპარეზს მიღმა მყოფი, შეინარჩუნებს წვდომას პოლიტიკურ თანხებზე", - წერს ნიკოლას კლეიტონი.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოში მოღვაწე უცხოელი ბიზნესმენის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდოდ, დროის მცირე მონაკვეთში საქართველოს ეკონომიკა დიდი რაოდენობით თანხებს შთანთქავს, რაც სხვა ინვესტორების შევიწროების რისკს გამოიწვევს.
თუმცა, ნიკოლას კლეიტონი აღნიშნავს, რომ როგორც მასთან საუბარში "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან იმიტომ მიდის, რომ ქვეყანას მისცეს საშუალება, ინდივიდუალურმა ლიდერებმა დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტები შექმნან.
"ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ფონდი გამჭვირვალე იქნება და მისი ფინანსური ინფორმაციის დიდი ნაწილი ონლაინ იქნება ხელმისწავდომი. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, საქართველომ უნდა შეძლოს ფულის სწორად გამოყენება. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 3,508 დოლარია და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის უღარიბეს ქვეყნებს შორისაა, 2012 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, მცირედით ჩამოიტოვა უკან კოსოვო, სომხეთი და მოლდოვა", - აღნიშნავს ნიკოლას კლეიტონი.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ 1990-იან წლებში საქართველოს საბჭოური პერიოდის საწარმოთა უმრავლესობა განადგურდა, სოფლის მეურნეობის სექტორი კი განუვითარებელი და არაფექტური დარჩა, ამიტომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების დასაწყებად უცხოური ინვესტიციები სჭირდება.
ნიკოლას კლეიტონი ასევე ციტირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის ევა-მარი ანდერსონის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ 2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა "საპარტნიორო ფონდი", რათა გამოეყენებინათ დივიდენდები სახელმწიფო საწარმოების დასაფინანსებლად კერძო ინვესტორებთან ერთად. მაგრამ, როგორც ევა-მარი ანდერსონი აცხადებს, იმის გამო, რომ ფონდი ნაკლებად გამჭვირვალე იყო, პოტენციურმა ინვესტორებმა უარი თქვეს ინვესტირებაზე.
"საბოლოოდ, ფონდმა ვერ მიიზიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამის ნაცვლად, პოლიტიკური პროექტების ყულაბად იქცა", - აცხადებს Global Post-თან საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი.
მარი-ევა ანდერსონი ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაღალჩინოსანი თითქმის ყველა წინადადებაში იყენებს სიტყვას "გამჭვირვალობა", რელურად ნაკლებად აქვთ იმის გამოცდილება, რომ "თანაინვესტირების ფონდი" ისე აამუშავონ, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, ვიდრე დანაკლისი.
"თუმცა, ვინაიდან ქართველები ახალი ხელისუფლებისთვის ემზადებიან, ახალი ფონდი ბევრისთვის უფრო მეტად მღელვარების საგანია. საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება გამოთქვა ივანიშვილის ბევრ ქმედებაზე, მათ შორის საკაშვილის პარტიის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის წარმოწყების გამო. ბევრი წუხს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ ახალი ელიტა გაამყარა, რომელიც სააკაშვილის ეპოქის შემდგომ დაიკავებს მათ ადგილს", - წერს ნიკოლას კლეიტონი.