კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლია ალასანიასთან ერთად"ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ომის ვეტერანებს შეხვდა .
შეხვედრას ათასზე მეტი ომის ვეტერანი დაესწრო. ირაკლი ალასანიამ სამძიმარი გამოუცხადა ვეტერანებს და აფხაზეთის ომში დაღუპულ ოჯახებს, რის შემდეგაც სიტყვა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გადასცა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გიორგი მარგველაშვილმა ვეტერანებისგან ის პრობლემები მოისმინა, რაც 20 წლის განმავლობაში დაგროვდა.
კოალიციის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გეგმაზე ესაუბრა. ასევე ძლიერი სახელმწიფოსთვის, ძლიერი ჯარის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოსთვის მებრძოლ გმირებს ელიტა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა მათი ტრადიციებით უნდა გაიზარდოს და დაფასებაა საჭირო იმ გმირების ვინც სამშობლოს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცა.
„27 სექტემბერი ერთნაირად მძიმე დღეა, როგორც ქართველებისთვის და ასევე აფხაზებისთვის,იმიტომ რომ 20 წლის წინ დაეცა სოხუმი და ძალიან დიდი ტკივილი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ.
ამ ტკივილის ერთმანეთთან გასაზიარებლად შევიკრიბეთ. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რაც ბუნებრივია ერთ დღეში ვერ მოგვარდება. თუმცა საზოგადოებამ დაინახა თუ როგორ აფასებს ქვეყანა თავის მებრძოლებს, რომელთაც დაფასება და გვერდში დგომა სჭირდებათ“-განაცხადა მარგველაშვილმა
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს ასევე გვირგვინით შეამკო აფხეზათის ომში დაღუპული გმირთა მემორიალი.