27 სექტემბერს, 18:00 – 20:00 სთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფოტო-ვიდეო გამოფენა სახელწოდებით - „არჩევნები - ერის შემოქმედი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალური მასალა, რომელიც 1918 – 2008 წლების პერიოდს მოიცავს.
პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ეროვნული არქივის მხარდაჭერით ახორციელებს. ღონისძიებაზე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცენტრალურ სარჩევნო კომისიას, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ეროვნულ არქივს შორის.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, საქართველოში მყოფი დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარეები. აგრეთვე, საქართველოს 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები.