კეი გრეინჯერს 2013 წლის ჩარლზ მანატის ჯილდო დემოკრატიის სფეროში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა გადასცა.
“ჩემთვის პატივია, დემოკრატიის სფეროში ჩარლზ მანატის ჯილდოს მიღება. სამწუხაროდ, პირადად ვერ დავესწარი დაჯილდოების ცერემონიას, რაზედაც ძალიან ვწუხვარ. დემოკრატია არის მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ლიდერებისაგან ის ითხოვს ანგარიშვალდებულებას და უზრუნველყოფს ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვას სახელმწიფოს მიერ.
2012 წლის ოქტომბერში მომეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა თვალყური გამედევნებინა საპარლამენტო არჩევნებისათვის ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. წინასაარჩევნო პერიოდი ვნებათაღელვით გამოირჩეოდა, დებატები კი ორ ყველაზე დიდ პარტიას შორის მწვავე იყო, თუმცა საბოლოოდ განხორციელდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა პირველად საქართველოს ისტორიაში.
მართალია, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა მისი სიჯანსაღე უკვე დადასტურდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
საქართველო გვევლინება როგორც თავისუფლების შუქურა მსოფლიოს ერთ-ერთ პრობლემურ და არადემოკრატიულ რეგიონში. საქართველოს წარმატება ცალსახად ითხოვს ამერიკისა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების მხარდაჭერას.
მე, როგორც სახელმწიფო, საგარეო და შესაბამისი პროექტების ხარჯების განკარგვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, მქონდა შესაძლებლობა, მეთანამშრომლა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან და სხვა დემოკრატიულ, სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული საველე სამუშაოებმა უდიდესი წვლილი შეიატანა იმ დადებით მოვლენებში, რომელთა მოწმენიც ჩვენ გავხდით საქართველოს წინასაარჩევნო პროცესში, ასევე დემოკრატიული ტრანზიციის პროცესებში იორდანში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
როცა ადამიანებს აქვთ არჩევნის უფლება, ისინი ყოველთვის ირჩევენ თავისუფლებას.
ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ არჩევნის თავისუფლება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მედიასაშუალებების მიერ ამომრჩეველთათვის მიწოდებული ინფორმაციის მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკური პროპაგანდისაგან. უნდა გავაძლიეროთ გენდერული თანასწორობა და არასაკმარისი წარმომადგენლობითობის მქონე ჯგუფები, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ სამოქალაქო განათლების პროცესი, უზრუნველვყოთ საჯარო სფეროს ანგარიშვალდებულება, არჩევნებში დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ შესაბამისი განათლება/ტრენინგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისადმი.
კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას დემოკრატიის სფეროში ჩარლზ მანატის ჯილდოსთვის. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია თქვენი მუშაობა, რომელიც მიმართულია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვასა და განმტკიცებაზე”, - განაცხადა კეი გრეინჯერმა.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმენი გრეინჯერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (კონგრესი) სახელმწიფო, საგარეო და შესაბამისი პროექტების ხარჯების განკარგვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ის პირველი რესპუბლიკელი ქალი წარმოამდგენელია კონგრესში ტეხასის შტატიდან. დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში შეტანილი წვლილით მან თავი გამოიჩინა, როგორც გავლენიანმა ლიდერმა.