საქართველოს უახლესი ისტორიაში 27 სექტემბერი უდიდესი ტრაგედიის დღეა. 20 წლის წინათ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ომებს ჯარისკაცები არ იწყებენ. ის პოლიტიკოსების შემოქმედებაა. მეომარი ვერ განვსაზღვრავდა მაშინ სწორი იყო თუ არა პოლიტიკოსების ეს ნაბიჯი, მაგრამ მთელი ტრაგედია ის იყო, რომ ქვეყანამ ვერ გაითავისა და ვერ იგრძნო ეს ომი. აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედების შესახებ ინფორმაციებისა და რეპორტაჟების პარალელურად ურჯერ მეტი ინტენსივობით სატელევიზიო არხებზე დუბაის და თურქეთის შოპტურების შესახებ რეკლამები გადიოდა. თვით პარლამენტშიც კი დეპუტატები სამხედრო ოფიცრებს ნოტაციებს უკითხავდენენ, თქვენ თქვენს აფხაზეთს მიხედეთ და აქ ჭკუას ნუ გვასწავლითო. სამშობლოს დაცვა მხოლოდ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ერთი გარკვეული ჯგუფის მოვალეობა გახდა, ხოლო დანარჩენ საქართველოს ეს თითქოს არ ეხებოდა და ეს ქვეყანა მათთვის თითქოს სამშობლო არ იყო. რამდენადაც ტრაგიკული არ უნდა იყოს, ასეთი მიდგომა დღესაც გრძელდება ქართულ რეალობაში.
საქართველოს 30 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე 20 წელი ზღვის წვეთის ტოლფასიც კი არ არის, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის 23 წლის განმავლობაში ეს 20 წელი თითქმის მთელი სიცოცხლეა და უბედურებაც სწორედ ის არის, რომ მწარე გაკვეთილებიდან ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ. იმ დროს, როდესაც ჯარისკაცები სიკვდილს თვალებში უყურებდნენ. თბილ ადგილებზე მოკალათებული ადამიანთა გარკვეული კასტა თაფლაკვერის უკმარისობას არ განიცდიდა და ბევრი ახლაც მსუყედ ცხოვრობს და ისევ იმ ნოტაციური რიტორიკით აგრძელებს ცხოვრებას.
მეომარ კაცზე დიდი პაციფისტი არ არსებობს. მან ყველაზე კარგად იცის სიკვდილ–სიცოცხლის და ომისა და მშვიდობის ფასი. ომის არწივები კი ისევ ის ქერის ორმოში ჩავარდნილი გაზულუქებული არსებები არიან და ომის მონაწილეების თუ იქ დაღუპულების ღვაწლს არად აგდებენ. სამშობლოს სიყვარულში სიტყვით არავის ტოლს არ უდებენ. უფრო მეტიც 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე დიდების მემორიალთან ვარდების ხელისუფლების ბრძანებით მისმა ზონდერებმა უკიდურესი გაჭირვების გამო პროტესტის ნიშნად გამოსული ომის ვეტერანები სასტიკად დაარბიეს და საკუთარი ტყვიის და სისხლის ძმების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
რა საზომით და ღირსებითაც მიუდგება სახელმწიფო თავის მეომარს, ისეთს შედეგს მიიღებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მომავალში და მეომრების დაყოფა ჩემებად და სხვებად დამღუპველია ამ ქვეყნად. ეს თეზა ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ახალი ხელისუფლებისთვის. ქართველი კაცისთვის მეომარი და მტერი განსაკუთრებული მცნებაა. სწორედ ქართულ წიაღში დაიბადა ვეფხვისა და მოყმის პოემა, სადაც მტრისა და მეომრის ჭირისუფლის ფილოსოფია კაცობრიობის აზროვნების საუკეთესო ფორმითაა ნათქვამი.
27 სექტემბერს გამარჯვებული არ არსებობს. ბარიერის ორივე მხარეს საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული მეომრები იბრძოდნენ. ორივე მხარეს თავისი სიმართლე ჰქონდა, ჭეშმარიტება კი მხოლოდ ერთია. სამშობლოსთვის თავგანწირვას დრო და სივრცე ვერ ზრუდავს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მრავალი ბრძოლა გადაიტანა ქართველმა ჯარისკაცმა. ცხინვალშიც, აფხაზეთშიც, 2008 წლის აგვისტოს ომშიც და ყველგან მხოლოდ ერთი რამ აჩვენა. ქართველი ჯარისკაცი საკუთარი სამშობლოს ღირსეული დაცველია.
უფალმა გაანათლოს ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების სულები, ხოლო დაქირავებულ მებრძოლთა სულები კი უფლის სამსჯავროზე იქნება გამოტანილი.
ცოცხლებმა კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ვისწავლოთ ერთად ცხოვრება, რომ მომავალს თვალებში ამაყად ვუყუროთ და ჩვენს შთამომავლობას ღირსეული ქვეყანა დავახვედროთ.