უკეთესია, გავზარდოთ ბოსტნეული, ვიდრე - გამყოფი ღობეები საზღვრებზე, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა ხურვალეთში დევნილებისთვის სარწყავი სისტემების გადაცემის შემდეგ განაცხადა.
პროექტი "იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ბოსტნეულის წარმოების სფეროში თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით" საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის, MASHAV-ის მეშვეობით, ისრაელის საირიგაციო კომპანია "ნეტაფიმთან" და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივასთან (NEO/USAID) ერთად განხორციელდა.
"დღევანდელი პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებაა. იმედია, მსგავსი საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობისგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს ამერიკის საელჩოდან, ახალი ეკონომიკური ინიციატივიდან და "ნეტაფიმიდან". ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღე პოლიტიკური ღონისძიება არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს ვიმყოფებით. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ისრაელის სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მომავალშიც ასე იქნება. უკეთესია, გავზარდოთ ბოსტნეული, ვიდრე გამყოფი ღობეები საზღვრებზე", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.
ღონისძიება შიდა ქართლის სოფელ ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაიმართა და მას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, "ნეტაფიმის", USAID–სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში ფერმერებს ისრაელში წარმოებული 45 თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადაეცათ, რაც მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში არსებული წარმომადგენლობის, "ბარ–ლევ–ნეთ გრუფის" მეშვეობით, ისრაელის საირიგაციო კომპანია "ნეტაფიმი" ჩაატარებს ტრენინგს და დაამონტაჟებს სარწყავ სისტემებს ოჯახებში, რომლებიც ახალი ეკონომიკური ინიციატივის (USAID/NEO) მიერ იქნა შერჩეული.
პროექტში მონაწილეობს კომპანია "ეკო ფარმი", რომელიც მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის შესყიდვის ვალდებულებას იღებს.
ისრაელის საელჩოს ცნობით, დღევანდელი პროექტი "მაშავისა" და "ნეოს" თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის აგვისტოში დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში ტრენინგები ჩატარდა.