პრემიერო ივანიშვილო, ევროპა გელით თქვენ და თქვენს ქვეყანას

პრემიერო ივანიშვილო, ევროპა გელით თქვენ და თქვენს ქვეყანას

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი შერეულ სიგნალებს გზავნის" , - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Baltic Times სტივენ ჯი ტეილორის სტატიას საქართველოს შესახებ. 

სტატიის ავტორი იხსენებს ამ ზაფხულს ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ის თავის ესტონელ, ლატვიელ და ლიტველ კოლეგებს შეხვდა. როგორც სტივენ ჯი ტეილორი აღნიშნავს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმა მას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, იგივე საკითხი დაისვა ბიძინა ივანიშვილისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის შეხვედრისას, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების საკითხი კი ივანიშვილმა ივლისში, ვილნიუსში ვიზიტის დროს განიხილა.

"ამგვარად, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ამჟამინდელი სახელმწიფოების და საბჭოთა კავშირის ყოფილი ვასალები იმისთვის მოიარა, რომ მხარდაჭერა და პოლიტიკური დიალოგი მოეპოვებინა საქართველოსთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცევა "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" სამიტზე, რომელიც ვილნიუსში, ნოემბრის ბოლოს გაიმართება. ევროპაში ყოფნისას, ევროპის გავლენის სფეროში მოქცეული ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის ვილნიუსის სამიტისთვის. ქართველ პოლიტიკოსებს უყვარს მხარდაჭერის მოსმენა, ევროკავშირის ქვეყნებისგან საჯარო აღიარების მიღება და მეგობრებთან საუბარი", - აღნიშნავს სტივენ ჯი ტეილორი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ივნისში ვილნიუსში იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც, რომელმაც ევროკავშირის სავაჭრო ბლოკის წევრობაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისმა თბილმა შეხვედრამ პოლიტიკური შოკი გამოიწვია ერევანში.

"როგორც ჩანს, სარგსიანი სხვა რუკით ხელმძღვანელობს ან იმავე სცენარს არ კითხულობს, რასაც უკრაინა და თურქეთი კითხულობენ, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ", - წერს სტივენ ჯი ტეილორი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ლიტვასაც, რომელიც ასევე ცდილობს დედა რუსეთის "გავლენის სფეროდან" საკუთარი თავის დისტანიცირებას.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ისევე, როგორც მოლდოვასთან და საქართველოსთან შეთანხმების პარაფირება ვილნიუსის სამიტზე არა მხოლოდ მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებამდე მიგვიყვანს, არამედ ხელს შეუწყობს კონტინენტზე უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროპის სანდოობას", - ციტირებს სტატიის ავტორი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს სიტყვებს.

სტივენ ჯი ტეილორს ასევე მოჰყავს ესტონეთის პრემიერის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ევროპაში ინტეგრირებას მოიტანს.

"საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ცენტრალურ აზიის კარიბჭეს წარმოადგენენ. მოსკოვი და ბრიუსელი კი მუდმივ დაძაბულ ურთიერთობაში არიან, რაც მათ საგარეო პოლიტიკაში ჩანს. პუტინი ფიქრობს, რომ სომხეთი მისი საყდენი უნდა იყოს. სომხეთმა კი თავის მხრივ, გზავნილი გაუგზავნა ევროკავშირის, რომ "მათი მომავალი რუსეთზე გადის". ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდი რთული პერიოდია საქართველოსთვის, რათა ევროპისადმი ნამდვილი ერთგულება წარმოაჩინოს. თუმცა კვლავ კითხვის ქვეშ რჩება საკითხი, რომელ სცენარს კითხულობს საქართველოს მილიარდერი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი", - წერს სტივენ ჯი ტეილორი.

სტატიის ავტორი ასევე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, თუმცა ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.

"როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომელთაც გუშინდელ ჩემს სიტყვებზე განმარტება სჭირდებათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ – თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გამოცხადებულ ძირითად სტარატეგია, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს მომავალში", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის განმარტებას ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

თუმცა, სტივენ ჯი ტეილორი აღნიშნავს, რომ პრემიერის ეს ორი განცხადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

"ახლა იმის დრო არ არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, საქართველოს სხვა გზა შესთავაზოს, გარდა დასავლური გზისა. პრემიერო ივანიშვილო, წინ დასავლეთისკენ! ევროპა გელით თქვენ და თქვენს ქვეყანას", - წერს სტივენ ჯეი ტეილორი.