კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად სტუდენტებს „მთაწმინდის პარკში“ შეხვდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
გიორგი მარგველაშვილმა მთავარ ვალდებულებად ახალგაზრდებისთვის ხუთ წელიწადში ევროპული ქვეყნის გადაბარება დაასახელა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი სურვილია, ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში და მუდმივად აკონტროლოს მთავრობა.
გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განათლების რეფორმის ხელშეწყობა დაასახელა. კოალიციის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი საქართველოში უნდა დაინახონ. "ევროპაში ან ამერიკაში რამდენიმე წლის გატარება კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იყოსახალგაზრდების დაბრუნების ემოცია, საქართველოს უნდა მოხმარდეს ჩვენში არსებული ნიჭი“
გიორგი მარგველაშვილმა თამარ სანიკიძესთან ერთად განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებიც შეაფასა. კოალიციის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა მოხდეს განათლების ლიბერალიზაცია და სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებების გამოყოფა.
"იმედი მაქვს, თქვენ იქნებით ამ პროცესის აქტიური თანამონაწილეები. ჩემი ვალდებულებაა, თქვენმა თაობამპოლიტიკურად გადაიბაროს ეს ქვეყანა და დავეხმარო ჩემს კოლეგებს ბევრად უფრო წარმატებული საგანმანათლებლოსივრცის შექმნაში", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს.
„მთაწმინდის პარკში“ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას 150 მდე სტუდენტი დაესწრო.