საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს–გაერთიანების „საქართველოს ბიზნეს–ასოციაციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
კოვზანაძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები დაწვრილებით გაეცნენ საპარტნიორო ფონდის მანდატს, მის შესაძლებლობებს და მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს.
„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ფორმატით ჩვენი შეხვედრა, რადგან ბიზნეს ასოციაცია არის ის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია პრაქტიკულად ყველა ის ბიზნეს-სუბიექტი, რომელთა გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, საკმაოდ ოპტიმისტურ შედეგებზე გაგვიყვანს.
მთავარი, რაც მახარებს, არის ის, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე შეიქმნა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის პრეცენდენტები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ასეთი მაგალითები გაცილებით მეტი იქნება“, – მიმართა კოვზანაძემ შეხვედრის მონაწილეებს.
ბიზნესმენთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საპარტნიორო ფონდის მხრიდან ბიზნეს–სექტორისადმი მიდგომამ, რაც საინვესტიოცო პროექტებში შესვლას, ამ პროექტების გრძელვადიანი კაპიტალით ან სუბორდინირებული სესხით უზრუნველყოფას, მათ გამართვას და შემდგომ პროექტებიდან გასვლას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომის გამოხატვა ძალიან დადებითი მესიჯია ბიზნესისადმი. „ჩვენ გვქონდა რამდენიმეწლიანი პრაქტიკა, როცა სახელმწიფო პრაქტიკულად თავად აკეთებდა ბიზნესს და ცხადი იყო, რომ ეს პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, რომ ბიზნესისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენს და მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობის რეალური ბერკეტების ამუშავებით შემოიფარგლება. ამის მაგალითია ის პრაქტიკა, რასაც საპარტნიორო ფონდი ეწევა და რის შესახებაც დღეს ჩვენ ფონდის დირექტორის ირაკლი კოვზანაძისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ასეთი ფორმატით ბიზნესთან შეხვედრები პროდუქტიულია, რამდენადაც ბიზნესი დეტალურად ეცნობა სახელმწიფო ფონდის შესაძლებლობებს. „ბიზნესის მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ უნდა მიმართონ საპარტნიორო ფონდს. დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახეს, რომ საპარტნიორო ფონდი არის რეალური სტრუქტურა, რომელიც ქართულ ბაზარს აწვდის გრძელვადიან კაპიტალს, რისი დეფიციტიც არის საფინანსო ბაზარზე. ჩვენი ამოცანაც ეს არის, – შევავსოთ ქვეყანაში სტაბილური გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტი და გავიყოთ რისკი ინვესტორებთან. ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს საქართველოში ბიზნეს–სექტორს აინტერესებს“, განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ბიზნეს–ასოციაციის და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.