"ივანიშვილის მმართველობის დროსაც კი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიციები რუსეთს აღიზიანებს", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet ჯოშუა კუცერას სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ კრემლმა "მოდი, ვნახოთ" პოზიცია აირჩია. ავტორისვე თქმით, ივანიშვილი ხელისუფლებაში რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის და საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ტონის შეცვლის დაპირებით მოვიდა. ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ფიცი დადეს, რომ ნატო-ში გაწევრიანების მიზანს არ გადაუხვევდნენ. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თუმცა Russia Direct-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ განიხილავს ივანიშვილს მოკავშირედ და კვლავაც შეშფოთებულია საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებით.
"ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლპარაკებები ჩვენს სამართლიან შეშფოთებას იწვევს. თბილისში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები არ გვაძლევს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის მოდუნების საშუალებას. ნატო-ს პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ზრდამდე მიგვიყვანს და სახიფათო შედეგები ექნება რეგიონში გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის. გარდა ამისა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ნეგატიურად აისახება რუსეთისა და ალიანსის ურთიერთობების მთელ სპექტრზე. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს წევრები უფრო პასუხისმგებლობით მიუდგებიან ამ საკითხს. საქართველოსთან მიმართებაში, ალიანსმა სრულად უნდა მიმართოს ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ საქართველოს მშვიდობიანი თანაცხოვრება ჰქონდეს მეზობლებთან, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან", - ციტირებს სტატიის ავტორი გრიგორი კარასინის განცხადებას.
როგორც ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, საინტერესოა, რომ Russia Direct-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კარასინი საქართველოს კი არა, მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი დადებითად მიიჩნევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგებას, რადგან კვლავაც გააგრძელონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკა.
"როგორც ჩანს კრემლი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების მკაცრ პერსონიზაციას ახდენს სააკაშვილის, როგორც თაღლითი ავანტიურისტის წარმოჩენით, დაიბნა იმის გააზრებით, რომ სინამდვილეში ნატო-ს წევრობა საქართველოში პოლიტიკოსთა ფართო სპექტრის მიზანია. ასე რომ, კრემლმა აღარ იცის, რა რეაქცია ჰქონდეს იმაზე, რომ ივანიშვილს რუსეთთანაც უნდა კარგი ურთიერთობები და ნატო-ში გაწევრიანებაც სურს", - წერს ჯოშუა კუცერა.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს რუსი ანალიტიკოსის იგორ კოროტჩენკოს სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს შესვლა ნატო-ს რეაგირების ძალებში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
"პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო აგრესიული ნაციაა და ამ დრომდე არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას. მეორე რიგში კი, შესაძლოა ამან საქართველო რეგიონში ამერიკის ქმედებების პლაცდარმად აქციოს", - აცხადებს რუსი ანალიტიკოსი.
ჯოშუა კუცერა ასევე ციტირებს ანალიტიკოს მაიკლ ჩეჩირეს კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"რუსეთისთვის საქართველო რუსეთის ეროვნული სიდიადის ნიშნულად იქცა. დღემდე საქართველო, რომელიც სამხრეთ კაროლინას შტატზე ოდნავ დიდია, რუსეთის ხელისუფლებისთვის წამყვანი ძალა არ არის. მაშინაც კი თუ მის ხელისუფლებას არ შეუძლია ან არ უნდა მისი გაგება, რუსეთის საიმედო გზა გლობალური ლიდერობისკენ საქართველოზე არ გადის. ნაცვლად ამისა, რუსეთის ძალაუფლება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით და საკუთარი თავის დემონსტრირებით, როგორც საერთაშორისო წესების საფუძველზე საერთაშორისო წესრიგის ხელშემწყობით უნდა გავრცელდეს. გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ნატო-ში, შესაძლოა ამ "დანაკარგმა" რუსეთს იმის შესაძლებლობა მისცეს, რომ საკუთარი ენერგია ამ ბევრად უფრო პროდუქტიულ საქმეებზე მიმართოს", - ციტირებს სტატიის ავტორი მაიკლ ჩეჩირეს კომენტარს.