ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
“გარეშე მაყურებლისთვის რთული შესაფასებელია, მაგრამ ერთი რაც შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, ის არის, მიმდინარე პროცესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნგრევა ჰქვია და ჩემი გადასახედიდან, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბორდმა უნდა აიღოს. გარდა ამისა, საუბრობენ იმაზეც, რომ ბორდის სახით და ხელით “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება, ერთგვარი ნაციონალური რევანში მოახდინოს, თუმცა მე ეს ნაკლებად შესაძლებლად მიმაჩნია. არა იმიტომ, რომ “ნაციონალები” ამაზე არ წავიდოდნენ, ან ბორდი არ დათანხმდებოდა, არამედ თავისთავად, არსებულ სიტუაციაში ასეთი რევანშის განხორციელების შესაძლებლობა მინიმალურია”, - განაცხადა ლაგაზაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თითოეულმა წევრმა აღებული პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.
“ბორდი ანგარიშვალდებული უნდა იყოს არა დედაპარტიის - “ნაციონალური მოძრაბის” წინაშე, არამედ საზოგადოების წინაშე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ტელევიზია, სახელწოდებიდან გამომდინარე, არც “ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა რომელიმე პარტიას, არც დღევანდელ ხელისუფლებას ეკუთნის. ეს საზოგადოების არხია, რომელიც იმისთვის არ იხდის ფულს, რომ ტელევიზია, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცეს.აქედან გამომდინარე, იქ რაც ხდება, მე ვფიქრობ, ბორდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი - იქნებიან ანგარიშვალდებულნი “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე, თუ ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან”, - განაცხადა ლაგაზიძემ.