"ხუთი წელი დიალოგის დამყარების მცდელობიდან ", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ოფიციალური ვებგვერდი სტატიას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ხელმძღვანელისა და მისიის ვადის კიდევ 15 თვით გახანგრძლივებასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში ახალი გამოწვევების მოლოდინშია – ხელი შეუწყოს ნდობის დამყარებას მხარეებს შორის.
"საქართველო-რუსეთის ომიდან ხუთი წლის შემდეგ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ევროკავშირის დაახლოებით 200 მონიტორი პატრულირებს. მათი მთავარი პრიორიტეტი ნებისმიერი საომარი ქმედების აღკვეთაა. ეს ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც რეგიონში ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს. EUMM-ის მანდატი კონცენტრირებული რჩება, რომ მხარეებმა სრულად შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულ ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს", - ნათქვამია EEAS-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილზე უსაფრთხოების ვითარების მოგვარების მიზნით, 2009 წელს შეიქმნა ინცედენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ყოველთვიურად მართავს შეხვედრებს და მრგვალი მაგიდის გარშემო თავს უყრის ყველა მხარეს.
"მექანიზმი ასევე არის შესაძლებლობების ფანჯარა მისიისთვის, რათა ხაზი გაესვას, თუ როგორ აისახება კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელთაც ეზღუდებათ სასოფლო მიწებზე და სარწყავ არხებზე წვდომა, გადაადგილების თავისუფლება, ხშირია ასევე დაკავებები. მისია ცდილობს ადგილობრივად მოაგვაროს პრობლემები მოსახლეობისთვის და აღკვეთოს ახალი გამყოფი ხაზების გავლება", - აღნიშნავს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჯერარდ ფიშერი.
EEAS-ი ასევე აღნიშნავს, რომ მისიამ ასევე აამოქმედა "ცხელი ხაზი". 17 სექტემბერს კი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, სოფელ დიცთან მომხდარი დაძაბულობის შემდეგ, მისიამ დაუყოვნებლივ გაუწია ორგანიზება ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ადგილზე კონფლიქტის დინამიკა შეიცვალა. 2009 წელს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლოების აღიარების შემდეგ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე რუსი მესაზღვრეები პატრულირებენ. წარმოიშვა ფიზიკური დაბრკოლებები, როგორიც ღობეების აღმართვა და თხრილებია. გამშვები პუნქტები "სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებად" იქცა", - ნათქვამია სტატიაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკავშირის მყარი პოზიციისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან წვდომის ნაკლებობისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინარჩუნებს მიუკერძოებლობას.
"მზად ვარ შემდგომი დიალოგისთვის. ჩვენი მანდატის გადამწყვეტი ნაწილია მხარეებს შორის ნდობის დამყარება და მათი დახმარება კონფლიქტის მოგვარების საკითხში", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ტივო კლაარმა.