კომპანია სს "წყალი მარგებელმა" (ნაბეღლავმა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლების წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი შეიმუშავა და ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვა. ინგლისური ენის კურსი, ცხოვრებისა და გზის ხარჯები,ექსკურსიებისა და სხვადასხვა სახის აქტივობები კომპანია „ნაბეღლავმა“ დააფინანსა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
„ნაბეღლავმა“ საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე 15 დღე გვაჩუქა. ექსკურსიები, საინტერესო გაკვეთილები, ახალი ნაცობები, კომფორტული გარემო - ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება... და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, „ - ემოციებს ვერ მალავენ ისინი.
მათი შერჩევა განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. რეიტინგის მიხედვით პირველი სამი მოსწავლე გვანცა ცინცაძე (53 ქულა), ლუკა ყაჭეიშვილი (50 ქულა) და მაგდა მამალაძე (45 ქულა) რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს აგვისტოში, შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზეც ისინი გაემგზავრნენ.
„ეს ჩვეულებრივი მოვლენა ვერ იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ არა კომპანია "წყალი მარგებლის" არაჩვეულებრივი სიურპრიზი - წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში გაგვიშვა და სწავლის, მოგზაურობის ყველა ხარჯი თავად გადაიხადა..“ - იხსენებენ წარჩინებულები.
ბრიტანეთიდან დაბრუნებული მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს იყო დაუვიწყარი ორი კვირა, რომელმაც მათ ბევრი რამ ასწავლა.
მაგდა მამალაძე, ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: EC LONDON school - სკოლა, სადაც 2 კვირა გავატარე, არასდროს დამავიწყდება. პროფესიონალი, მხიარული მასწავლებლები, საინტერესო გაკვეთილები, სწავლისთვის საჭირო გარემო... და, რაც მთავარია, ინგლისური ენის არაჩვეულებრივი პრაქტიკა. გავიცანი უამრავი თანატოლი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვცხოვრობდი არაჩვეულებრივ ოჯახში, რომლის ყველა წევრი ცდილობდა თბილი გარემო შეექმნა ჩემთვის.
ლუკა ყაჭეიშვილის თქმით, ლონდონმა თავი სიგარეტის ნაკლები კვამლით დაამახსოვრა:
“2013 წლის აგვისტოს, სრულიად მოულოდნელი სასიხარულო ამბავი გავიგე - დიდ ბრიტანეთში მივემგზავრებოდით, რათა გაგვევლო 2-კვირიანი ინგლისური ენის კურსები ლონდონის სკოლის „EC LONDON school”-ში. სამივესთვის ეს იყო პირველი მგზავრობა საზღვარგარეთ; იქეთობას, აეროპორტებში გზის დამოუკიდებლად გაკვლევა ცოტა ძნელი აღმოჩნდა, თუმცა, აქეთობას მივხვდით, რომ უკვე ყველგან შეგვიძლია დამოუკიდებლად წასვლა. მე და მაგდა ლონდონში დაგვაბინავეს, გვანცა კი - ოქსფორდში”
გავიცანი უამრავი უცხო მეგობარი. მეგობრების შეძენა იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სრულიად აღფრთოვანებული ვარ ლონდონის სილამაზით და იქაური ხალხის სიკეთით. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს 2 კვირა საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, - ამბობს ლუკა.
გვანცა ცინცაძე, რომელმაც 2 კვირა ოქსფორდში გაატარა, ბრიტანეთში არსებული მაღალი ფასებით უკმაყოფილო დარჩა:
“ერთადერთი, რაც დიდ ბრიტანეთში არ მომეწონა, ეს არის მაღალი ფასები. სამწუხაროდ, განრიგიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე საფეხბურთო მატჩსა თუ როკ-ონცერტზე დასწრება. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, მივიღე სერთიფიკატი. ოქსფორდში გატარებული 2 კვირა ჩემთვის დიდი და სასიამოვნო გამოცდილებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი "წყალი მარგებელს," - აღნიშნა გვანცამ.