მოლი კორსო საქართველოს სასამართლო სისტემაზე სტატიას აქვეყნებს. "სასამართლოს პროგრესი საქართველოში?" – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა BusinessNewEurope (BNE) მოლი კორსოს სტატიას საქართველოს შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკა ხმაურიანი დაკავებების სერიით გამოირჩეოდა, საქართველოს ახალი ხელისუფლების კრიტიკოსები კი შიშობდნენ, რომ "ქართული ოცნება" უფრო მეტად ანგარიშსწორებაზე იყო კონცენტრირებული, ვიდრე სამართლიანობის აღდგენაზე.
"თუმცა, მეორე მხრივ, იზრდება რწმენა, რომ ვიდრე ამ დაკავებებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ახალ ხელისუფლებას შორის პოლიტიკური საცობი წარმოშვეს, სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, შესაძლოა, ხელისუფლების ყველაზე წარმატებული რეფორმა გამოდგეს", - წერს მოლი კორსო.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქართული სასამართლო პოლიტიკური ინტრიგის, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის ჭაობში იყო ჩაფლული. მოლი კორსო ასევე წერს, რომ 2003-დან 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" იყვნენ, აიძულებდნენ მოსამართლეებს გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ მიეღოთ.
"საბრალდებო განაჩენის მაღალი პროცენტი, ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელთან ერთად ქმნიდა სისტემას, სადაც ბრალდებულებს სთავაზობდნენ, რომ უკეთესი იქნებოდა გარიგება, ვიდრე საქმის სასამართლოში განხილვა. სასამართლო სისტემის გამოყენებამ ხელისუფლების მიერ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით გააჩნინა იმის შიში, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა, "ქართული ოცნების" მმართველობით, სასამართლო პროცესს პოლიტიკური ოპოენენტების წინააღმდეგ გამოიყენებდა", - აღნიშნავს მოლი კორსო და დასძენს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა "ქართულმა ოცნებამ" დაიწყეს სააკაშვილის უახლოესი მოკავშირეების დაკავება, მათ შორის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ფულის გათეთრებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ასევე ბრალი წაუყენეს თბილისის მერს, გიგი უგულავას, პრო-სააკაშვილის ტელვიზიის დირექტორს, ნიკა გვარამიასა და კახეთის გუბერნატორ, ზურაბ ჭიაბერაშვილს.
"ამ საქმეებმა განგაში გამოიწვია – დასავლელი დიპლომატები, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ივანიშვილს აფრთხილებდნენ ასეთი დაკავებების შესახებ. ასევე, არსებობს უამრავი შეცდომა, რომელიც პოლიციამ დაკავებების დროს დაუშვა. საქმე ეხება 27 ივნისს, თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის დროს მაღალჩინოსნების დაკავებას, რომლის შემდეგ თვით რასმუსენმაც გამოხატა შეშფოთება, თუ როგორ აკავებდა ხელისუფლება ყოფილ ჩინოსნებს", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც დაკავებების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში ითქვა, განსხვავებით წინა წლებში მოსამართლეების მიერ განხილული საქმეებისგან, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თანასწორობა დაფიქსირდა დაცვის მხარესა და მბრალდებელს შორის.
"დაცვის მხარესაც და მბრალდებელსაც ჰქონდათ თანაბარი შესაძლებლობები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის", - ციტირებს მოლი კორსო "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშიდან ამონარიდს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, კარგია ეს თუ ცუდი, სასამართლოს სურს დაამტკიცოს თავისი ახალი ძალაუფლება.
"10 სექტემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ბოლო სარჩელი და არ მისცა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად ივანიშვილისგან მიღებული საჯარო მტკიცების", - წერს მოლი კორსო და დასძენს, რომ ამ შემთხვევას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე არც თავად ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც წინა ხელისუფლების სასამართლომ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.