საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ანახლებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Point ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 57 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში რიგით 153-ე მილიარდერია, ამოუცნობი ადამიანია.
"მას საფრანგეთის პასპორტი აქვს და კარგად ფლობს მოლიერის ენასაც, თუმცა არ საუბრობს ფრანგულად. მანვე ინტერვიუს ჩაწერის სურვილი ქართულად გამოთქვა, რომელიც შემდეგ მისმა თანაშემწემ ინგლისურად გვითარგმნა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ურეკში შედგა, სადაც მასპინძელი ჯინსებსა და სპორტულ მაისურში გამოწყობილი შეხვდა ჟურნალისტებს, მის უდიდეს მამულში კი, ტბასთან ახლოს ფლამინგოები დასეირნობდნენ.
ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობები თანდათანობით ლაგდება. ამის დასტურია ის, რომ გაუქმდა ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის ემბარგო რუსულ ბაზარზე. მისივე თქმით, გაორმაგდა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტთა რიცხვიც.
"საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა. ჩვენი პრიორიტეტები, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემასთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროა. 2006 წელს რუსეთმა ჩვენი ქვეყნიდან ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი დაბლოკა. თუმცა, წელს მათ ეს აკრძალვა გააუქმეს და "ბორჯომი" და ქართული ღვინის 90 სახეობა რუსულ ბაზარზე დააბრუნეს. გარდა ამისა, წელსვე გაორმაგდა რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა. 2013 წლის პირველ კვარტალში მათმა რიცხვმა 260 ათასი შეადგინა",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ფრანგულ Le Point-თან საუბრისას.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მართალია, რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, თუმცა საქართველო ამ პრობლემის ომის გზით მოგვარებას არ გეგმავს.
"საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს რეგიონული ამბიციები, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ისინი ჩვენი ძმები არიან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი მაშინ გაუჩნდებათ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მეტად მიმზიდველი და აყვავებული გახდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს აღნიშნა, მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2008 წლიდან არის შეწყვეტილი, არც ისე მარტივი იქნება.
"მოსკოვთან დაახლოებას კვლავაც ბევრი დრო და მუშაობა სჭირდება. ამ ურთიერთობის საბოლოოდ დალაგებას კიდევ დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება. მე თვითონ ვმუშაობდი რამდენიმე წლის განმავლობაში და ვერ ვიტყვი, რომ რუსებს კარგად ვიცნობ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავის არიდებს ამ პასუხისმგებლობას.
"სააკაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა დასავლეთში რეფორმატორისა და დემოკრატის იმიჯი შეექმნა, მაგრამ ამის პარალელურად, საქართველოს ციხეები სავსე იყო პატიმრებით. სააკაშვილი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთთან 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა მას არ აკისრია", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.