ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მისიის აღდგენას მხარს უჭერს არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ მიიჩნევს, რომ ამ საქმისთვის საჭიროა თანხების გამოყოფა , - აღნიშნული განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე რანკო კრივოკაპიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში, საკუთრივ კი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეუთო-ს მისიის ფუნქციონირების აღდგენას შეეხებოდა.
როგორც კრივოკაპიჩმა განაცხადა, მონაკოში მიღებულია რეზოლუცია, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოში მისიის აღდგენა აუცილებელია, ხოლო სტამბულში ასამბლეის სესიაზე, კომიტეტების სხდომაზე განმეორებით აღინიშნა საქართველოში მისიის აღდგენის აუცილებლობის თაობაზე.
საქართველოში ეუთო-ს მისიის სრულფასოვანი ფუნქციონირება და ამ მიმართულებით შესაბამისი გზების გამონახვა რანკო კრივოკაპიჩის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.