ვიდრე საქართველო არსებობს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ "ტელეგრაფთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლება მუდმივად არღვევდა ადამიანთა უფლებებს, თუმცა ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის მიღწევებზე საუბრობდა.
"ბოლოს კი ისე გათავხედდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ჩვენთან უკეთესი დემოკრატიაა, ვიდრე ევროპაშიო. ცხრა წლის განმავლობაში კონტროლქვეშ ჰყავდათ მედია, ბიზნესი, ციხეები გადაივსო. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ პატიმართა 70% გავათავისუფლეთ. ციხეში ადამიანებს იმიტომ სვამდნენ, სხვებს რომ შიში გაჩენოდათ, დაკავებულთა შორის ბევრი პოლიტპატიმარი იყო, 300 ათას ადამიანს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რადგან ციხეები სავსე იყო", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით მოსახლეობა მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ იყო, ევროპაში კი წინა ხელისუფლება კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა ბიუჯეტიდან ლობისტურ ღონისძიებებზე.
პრემიერის ინფორმაციით, მათ მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში 50 მილიონი დოლარი დახარჯეს.
"ახლა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მოვუწოდებთ ამ ხალხს პასუხისმგებლობისკენ, სამართლიანობის აღდგენისკენ, ამას ხალხიც მოითხოვს, ევროპასა და აშშ-ში კი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატია იყო. ლატვიაში არ იციან ის, რაც იციან საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდრე საქართველო არსებობს, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.
"ეს პარტია აღარასოდეს იქნება პოპულარული, რადგან მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილია მისით. ოქტომბერში გასამართ არჩევნებში მისი კანდიდატი ხმების მხოლოდ 10%-ს მიიღებს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კი, ისინი საერთოდ ვერ მოხვდებიან პარლამენტში", - მიაჩნია ივანიშვილს.
მისივე განცხადებით, კარგი, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა ის იყო, რომ ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა.
"ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა, რადგან რუსეთის ბაზარი ჩვენთვის დაიკეტა, სხვა ბაზრებთან სათანამშრომლოდ კი ხარისხის მკაცრი სერტიფიკატი გვესაჭიროებოდა. ეს იმ საგარეო პოლიტიკის შედეგია, როცა რუსეთთან ურთიერთობები გაგვიფუჭდა. სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ დაეშვა ეს შეცდომები, სხვა სიტუაცია გვექნებოდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა საგადასახადო სისტემის მოწესრიგება იყო, რადგან მანამდე მებაჟეები და გადასახადების ამკრეფები თანხებს ერთმანეთში იყოფდნენ, რის გამოც ქვეყანას ძალიან მცირე ბიუჯეტი ჰქონდა.
"თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი დახმარების გარეშე არ გაკეთებულა, ახალ ხელისუფლებას კონსულტაციებს ვუწევდი, ყოველ კვირას მებაჟეების შეცვლა შევთვაზე, ვყიდულობდი კამერებსა და სხვა მოწყობილობებს. შედეგებს საკმაოდ სწრაფად მივაღწიეთ, მაგრამ მათ ესეც კი გააუკუღმართეს - ყველას სათითაოდ ჩაუძვრნენ ჯიბეში, ბაზრის უბრალო მოვაჭრესაც კი, რომელიც დღეში 10 დოლარს შოულობს, ფულს ართმევდნენ. ბიზნესი სრულად კონტროლირებაში იყო, კორუფცია აყვავდა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისასალმებელი იყო წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული პოლიტიციის რეფორმა, როცა ორწელიწადნახევარში მათ შეძლეს კორუმპირებული პოლიციის გარდაქმნა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ ეს პოლიცია თავისივე ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა და ეს რეფორმაც ჩააგდო.
"მაგრამ ის, რომ პოლიცია სამართლიანი და პატიოსანი გახდა ჩვენი ხალხის მაღალი კულტურის დამსახურებაა და არა იმის, თუ როგორი განსაკუთრებული ხელისუფლება გვყავს. უბრალოდ, გენერლებმა შეწყვიტეს ქრთამის აღება, ხალხი კი დამჯერი გახდა და შეწყვიტა მათთვის ფულის შეთავაზება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, იგივე ეხება განათლების სისტემას, რომლის რეფორმაც მოხდა, მაგრამ თავად განათლების სისტემა ჩაკლეს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ მხოლოდ უნივერსიტეტებში ქრთამის მიღების გარეშე ჩაბარების პრობლემა აღმოფხვრა, რაც მანამდე შეუძლებელი იყო.
"სულ ეს არის. მეტს ვერაფერს გავიხსენებ კარგს, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა", - დასძინა მან.