საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ხარატიშვილის განცხადება მედია საშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ხარატიშვილის განცხადება მედია საშუალებებზე ხელისუფლების ზეწოლის შესახებ

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად for.ge გთავაზობთ:

"სამოქალაქო საზოგადოება და სიტყვის თავისუფლება ჩვენი ღირებულებითი არჩევანია. ამ არჩევანს დაცვა და ერთგულება სჭირდება. პოლიტიკოსების მხრიდან ამ არჩევანისადმი ერთგულება მედიის თავისუფლების მხარდაჭერაში გამოიხატება.

უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ტენდენცია:

  1. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ;
  2. 6 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა საჯარო განცხადებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი კომისიის სხდომაზე დაიბარა. და ეს იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ დასრულებულა სასამართლო პროცესი, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს;
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან მასზე უხეში ფორმით  ზეწოლის შესახებ, ხოლო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტი საგანგაშოდ მიეჩნია, მან სპეციალური წერილი გავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები თურმე საფრთხის წინაშე აყენებს უმაღლესი მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულების საკითხს და საჯარო ფორმით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა. აღნიშნული ქმედება სცილდება პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს და ერთმნიშვნელოვნად განიხილება, როგორც ხელისუფლების ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, მშვიდად ვერ შევხედავ ამ ტენდეციადქცეულ ფაქტებს. მიმაჩნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, მათ შორის მედიის ადვოკატირებით დაკავებულმა ორგანიზაციებმა, ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ, ხოლო მათმა ზოგიერთმა წევრმა ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად შეწყვიტოს ზეწოლა დამოუკიდებელ და საზოგადოებრივ მედია საშუალებებზე, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს სიტყვისა და არჩევნების თავისუფლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში".

08.09.2013