კახი კალაძე: “გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება“

კახი კალაძე: “გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდება“

დღეს, ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გაიმართა.

შტაბის გახსნას თავად საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ბათუმელებს კოალიციის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა წარუდგინა. შტაბის პრეზენტაციას 500 მდე მხარდამჭერი და ინტელიგენციის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს ვიცი-პრემიერი კახი კალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

არმაზ ახვლედიანმა ბათუმელებს სიტყვით მიმართა და კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ გიორგი მარგველაშვილთან ყველაზე მეტად ასოცირდება სამართლიანობისთვის ბრძოლა, ბრძოლა იმისთვის რომ დემოკრატია იყოს არა ფასადური არამედ რეალური, არა მოჩვენებითი არამედ სახალხო, ამიტომ საქართველო ირჩევს სახალხო პრეზიდენტს. დღეს ბათუმში შტაბის გახსნა არ ნიშნავს მხოლოდ რუტინული საქმიანობის დაწყებას და ბრძოლას გამარჯვებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ბათუმი, მთელი აჭარა იქნება მზად უპირობოდ, უყოყმანოდ მხარი დაუჭიროს სამართლიანობის იდეას, ანუ მხარი დაუჭიროს გიორგი მარგველაშვილს.“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

კახი კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც პირველ ოქტომბერს დაიწყო. ვიცე-პრემიერმა პირობა დადო მხარდამჭერებთან , რომ კოალიციის უალტერნატივო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით საქართველოში კოჰაბტიაცია დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის შტაბთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და არჩევნებამდე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ საქართველოში სრულიად სხვა ეპოქა დგება, მინდა იყოთ ძალიან აქტიურები, ჩვენ წინა არჩევნებზე ძალიან დიდ წინააღმდეგობის მიუხედავად გავიმარჯვეთ, მაგრამ იგივე შედეგი აღარ გვეკადრება , რადგან წელს საქართველოში თავისუფალი არჩევნები ტარდება და ეს ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად უნდა მოიგოს“-განაცხადა მარგველაშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა მხარდამჭერებთან პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ გეგმავს თბილისში მუდმივად ყოფნას და აპირებს რეგიონებში ხალხთან ხშირ შეხვედრებს.

გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი ჭეიშვილი წარუდგინა . „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში , ფარნავაზ მეფის N: 41 ში განთავსდა.