კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩვნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამართა.
კანდიდატთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ წარუდგინა. ასევე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ ჟურნალისტმა, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ მოუწოდა. გურიის მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოების საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და მოსახლეობას დღეს დამტკიცებული იმ პროექტის შესახებ აცნობა, რომელიც გურიის სასმელი წყლით მომარაგებას შეუწყობს ხელს. კოალიციის კანდიდატი ასევე ამომრჩევლებს არჩევნების დასრულების შემდეგ კოაბიტაციის დასრულებას დაპირდა და აღნიშნა, რომ „ ოპოზიციაში ყოფნა 20 წლის განმავლობაში უფრო იოლი იყო, ვიდრე ერთი წელი კოაბიტაციაში.“ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობი გაუმჯობესების პარალელურად შეძლო რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა.
კახი კალაძემ გიორგი მარგველაშვილის, როგორც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პრიორიტეტებზე ისაუბრა : „ გიორგი მარგველაშვილი უალტერნატივო და ღირსეული კანდიდატია, მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ხალხმა იცხოვროს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ქვეყანას არ დავაბრუნებთ წარსულში, არავითარ შემთხვევაში არ დავაბრუნებთ ცოცხების სამყაროში“
გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ ჩოხატაურში ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი მოინახულა. ხვალ კი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ბათუმში საარჩევნო შტაბის გახსნას დაესწრება.