როგორც ცნობილია, დღეს იმართება უწყებათაშორისი კომისიის რიგგარეშე სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის საკითხიც.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან. ცესკოს გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის განხილვა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
საქართველოს ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია იქმნება ”საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით.”
ცესკო გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს უწყებათაშორის კომისიასთან კანონით განსაზღვრულ საკითხებზე და განიხილოს მის მიერ ცესკოსადმი გამოცემული კანონის შესაბამისი რეკომენდაციები.