პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ელჩს, ფლიპ დიმიტროვს შეხვდა. რეგიონების შემდეგ, ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და სხვა პოლიტიკურ საკითხებს.
"ჩვენ ვაპირებთ ხაზი გავუსვათ იმ თემასაც, რომ არჩევნები შედარებით თავისუფალია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. თუმცა, არჩევნები ჯერჯერობით არ არის სრულიად სამართლიანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა და ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სარეკლამო დრო ტელევიზიაში, რომელსაც არ გვაქვს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. ჩვენ გვინდა ყველა ის საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში, რომელიც მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალი იყოს", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" აცხადებს, რომ უსამართლობაა, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან საკუთარი პარტიის მოხსნის გამო, ისინი კვალიფიციურ სუბიექტად აღარ ითვლებიან და შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში უფასო სატელევიზიო რეკლამით ვეღარ სარგებლობენ.