კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს დილიდან ამომრჩევლებთან შეხვედრას სამცხე -ჯავახეთში მართავს.
გიორგი მარგველაშვილი ახალციხისა და ასპინძის ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა წარუდგინა. კოალიციის კანდიდატმა ამომრჩევლებს საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
„2014 წლიდან პოლიტიკური ძალები ჩადგებიან ხალხის სამსახურში, არ იბრძოლებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი შეუშალონ. ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის აღორძინებას. 2014 წელი იქნება უკეთესი, მაგრამ არ იქნება იდეალური. სერიოზული ინვესტიციები დაიწყება, რაშიც მთავრობასთან ერთად მეც ვიქნები ჩართული. 2014 წელს ჩადებული ინვესტიციები გაძლიერდება და 2015 წელს ჩვენ ბევრად უკეთეს გარემოში ვიცხოვრებთ. ჩვენი ერთობლივი მიზანია გაძლიერდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, როგორც სახელმწიფოსგან მიცემული დახმარებით , ასევე იმ ეკონომიკური რესურსებით, რაც ქვეყანაში შემოვა.“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ახალციხის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა შეაფასა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა , რომელიც გიორგი მარგველაშვილს გააჩნია:
„ გიორგი მარგველაშვილი კოალიციის ღირსეული კანდიდატია, ბატონი ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ის როგორც პრეზიდენტი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მოახდენს კოალიციის კონსოლიდაციას. გიორგი გააერთიანებს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას. გიორგი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, თუმცა დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მარგველაშვილი მოემსახურება მთელ სახელმწიფოს, სწორედ ამიტომ ვდგავარ მის გვერდით და ამიტომ უნდა დაუჭიროს საზოგადოებამ მხარი“
გიორგი მარგველაშვილი ხვალ მოსახლეობას ლანჩხუთსა და ჩოხატაურში შეხვდება