საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, კომპანია „კალანდამ“ და საპარტნიორო ფონდმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს. საქართველოს ბანკმა და საპარტნიორო ფონდმა კომპანია „კალანდა“ საერთო ჯამში, 5,250,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფიინანსება გამოყვეს, საიდანაც საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი სესხი 4,400,000 აშშ დოლარს, ხოლო საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 1,250,000 აშშ დოლარს შეადგენს. დაფინანსების შედეგად, შეიქმნა სრულიად ახალი, დახურული ტიპის მეღორეობის კომპლექსი.
ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის, საქართველოს ბანკის კორპორატიულ კლიენტებზე გაცემული სესხების პორტფელმა, 2013 წლის პირველ ნახევარში 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწია და 2013 წლის მეორე კვარტალში 4.8%–ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით.
საპარტნიორო ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა და ფინანსური ინვესტირების განხორციელება იქ, სადაც სახელმწიფოს გააჩნია პრიორიტეტები. ერთ–ერთი ასეთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაა. საპარტნიორო ფონდის მიერ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული ეს პროექტი უნიკალურია თავისი შინაარსით, რამდენადაც სახელმწიფოს, საბანკო სექტორის და მეწარმეთა თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.
კომპანია „კალანდას“ სრულიად ახალი, დახურული ტიპის მეღორეობის კომპლექსი მოწყობილია ყველაზე თანამედროვე სტანდარტების თანახმად და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით. „კალანდა“ თანამშრომლობს ორ წამყვან დასავლურ კომპანიიასთან: გერმანული კომპანია Big Dutchman–ი და ბრიტანული კომპანია ACMC-ი, რომლებმაც უზრუნველყეს ახალი ფერმის პროექტირება, ტექნოლოგიური აღჭურვა და მაღალპროდუქტიული, სწრაფად მზარდი და მაღალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე სანაშენე ღორების წარმოება.