საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მარკ გრიფიტსთან, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ედუარდ მარტინთან და ფისკალური მისიის ხელმძღვანელთან დიმიტრი რადევთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას და საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდის ჩამოყალიბების პროცესს. სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული იმ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს სუვერენული ფონდი. საუბარი ასევე შეეხო სუვერენული ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების დაკომპლექტების წესებს და ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეთოდებსა და კრიტერიუმებს.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფიტსის განცხადებით, მისია აქტიურად ხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილავს შესაბამის აქტუალურ საკითხებს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საპრტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის პროცესი. „უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სწორედ სავალუტო ფონდთან და სუვერენული ფონდების ჩამოყალიბების დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Reed Smith“-ან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. ვფიქრობ, 2013 წლის ბოლომდე საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურა დასრულდება და საპარტნიორო ფონდი ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც სუვერენული ფონდი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.