მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მოსახლეობის მიმართვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს
თქვენ კარგად იცნობთ სვანეთს, მის ისტორიას,ენას ეთნოგრაფიასა და ხუროთმოძღვრებას, პოლიფონიასა და ქორეოგრაფიას,უნიკალურ სვანურ სამართალსა და სხვა უნიკალურ ნიშნებ დამახასიათებელ ნიშნებს, რაც სვანეთს განასხვავებს საქართველოს სხვა კუთხეებისაგან, მაგრამ ამავე დროს ამდიდრებს და ავსებს ზოგად ქართულ კულტურას. ყოველივე ეს დღეს საფრთხის წინაშე დგას.
მოგეხსენებათ, კვლავაც გრძელდება ხუდონჰესის მშენებლობის განახლების მცდელობა, რომელიც თითქმის 40 წელია ერთგვარ დამოკლეს მახვილივით კიდია ზემო სვანეთის თავზე. აღნიშნული ჰესის მშენებლობა, რომელიც დაიწყო 1986 წელს, 1989 წელს შეჩერდა სულმნათი მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიასა და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა თაოსნობით, როგორც ყოვლად გაუმართლებელი და დამაქცევარი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენს გარშემო მრავლადა „დიადი საბჭოეთის“ მიერ განხორციელებული, ყოვლად გაუაზრებელი გრანდიოზული პროექტები, რომელთაც ხალხს დაპირებული სიკეთის ნაცვლად მხილოდ ბოროტება და ნგრევა მოუტანა. სამწუხაროდ ამავე კატეგორიას მიეკუთნება ხუდონჰესიც, რომელიც არა მხოლოდ ხაიშის თემს აღგვის პირისაგან მიწისა, არამედ ეჭვქვეშ აყანებს ზემო სვანეთის მომავალსაც.
წინა ხელისუფლებამ 2010 წელს ისე გააფორმა მემორანდუმი ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯიოჯიასთან", რომ მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა. ჩვენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება გაგვაცნეს. სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაა დღესაც - არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი შეხვედრა რაიონის მოსახლეობასთან. ხაიშელების აზრი კი საერთოდ იგნორირებულია.
"ქართული ოცნების"წინასაარჩევნო პროგრამაში სამართლიანადა მითითებული წინა ხელისუფლების შეცდომა. მოსახლეობა დაშორებული იყო ხელისუფლებას. აქვე ეწერა, რომ უნდა აიკრძალოს დიდი ჰესები და ატომური ელექტროსადგურები.
ხუდონის აშენების შემთხვევაში იძულებით უნდა გაასახლონ 1200 ადამიანი, რაც მესტიის რაიონის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 25-30 წლის განმავლობაში ზემო სვანეთის მოსახლეობამ 25000-დან 12000-მდე იკლო. რელოკაციას უნდა დაემქვემდებაროს 850-ზე მეტი სასაფლაო და რაც ყველაზე სავალალო და სამწუხაროა, წყლით დაიფარება ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი.
ბატონო პრემიერო და თქვენო უწმინდესობავ, ხაიშის სა ზემო სვანეთის დანარჩენი 16 თემის მოსახლეობა მოგმართავთ თხოვნით, ნუ გადავწყვეტთ სვანეთის მომავალს ასე ხელაღებით.
ხაიშის თემის მოსახლეობის სახელით: გოჩა თორია და ზური ნიჟარაძე.