"ბიძინა მესია არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Economist საქართველოს პრემიერ-მინისტრზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ახსნა.
"ივანიშვილის თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისი პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზანი ის არის, რომ იგი არ გახლავთ მესია", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საქართველოს რთული ურთიერთობა აქვს პოლიტიკურ მხსნელებთან.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ბედი გაიზიარეს დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილმა ლიდერებმა – ზვიად გამსახურდიამ, ედუარდ შევარდნაძემ და ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
"ქართულ საზოგადოებას თითოეული მათგანის მიმართ უდიდესი, არარეალისტური მოლოდინები ჰქონდა, თუმცა სანაცვლოდ მცირედ შესრულებული დანაპირები მიიღეს. რეალურად ქართველებმა დაინახეს, რომ მათი ოცნებები ღრმა იმედგაცრუებად გადაიქცა", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ციტირებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რათა საქართველოს პოლიტიკურ მესიებზე დამოკიდებულება დაესრულებინა და თვითონაც ერთ-ერთი მათგანი არ გამხდარიყო.
"ის ყოველთვის აცხადებდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მცირე ხნით დარჩებოდა. მისი შემდეგი მიზანი კი იმის უზრუნველყოფაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლის მოხდენა შეძლოს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური მხსნელი, როცა ეს საჭირო იყო.
სტატიის ავტორის თქმით, 2011 წლის პოლიტიკური კამპანიის დროს დაწერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ღია წერილის ტონი, სწორედ რომ კვაზიმესიანური იყო.
"ხელისუფლებაში მოსასვლელ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მან ხალხს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ ყველანაირი მოლოდინი მასზე დაემყარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსუბუქად აკრიტიკებს (ლანძღავს) ქართველებს მისი გადაჭარბებული ნდობისთვის, ახლა ის სთხოვს მათ ეს ნდობა მისი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებისკენ მიმართონ. ივანიშვილის მოკლე პოლიტიკური კარიერა, ნებისმიერი სტანდარტით, შესანიშნავი იყო. ერთი წლის განმავლობაში მან შეარყია (გატეხა) სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობა, რომელიც მანამდე უძლეველი იყო. სხვა ვერავინ შეძლო ეს: ივანიშვილის ქონებამ და პოპულარობამ (რომელიც მის ფილანტროპობაზე დამყარდა) შესაძლებლობა მისცა მას გაეერთიანებინა ოპოზიცია და გამკლავებოდა მთავრობას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ბინძური ბრძოლებისთვის იყო მზად", - წერს სტატიის ავტორი.
ბრიტანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოში დემოკრატიის უკეთესი ხარისხია, საარჩევნო გარემო კი უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, როგორც ამას NDI-ის წინა-საარჩევნო კვლევა ცხადჰყოფს.
"ასეთ შემთხვევაშიც კი, ეს პოზიტიური განვითარებები მყიფე რჩება. NDI აგრეთვე გამოხატავს სეროზულ შეშფოთებას პოლიტიკურ მოტივირებულ ძალადობასთან, დაკითხვებთან და გამოძიებებთან მიმართებაში. ასევე, არჩევნების გარეშე თვითმმართველობებში განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებებზე და უმცირესობების მიმართ არატოლერანტობაზე", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ არჩევნების ჩატარებასავით მნიშვნელოვანია, თუ რა მოხდება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდოს, რომ თუ ხალხი უფრო მეტად ხმას მას მისცემს, ვიდრე მის კოალიციას (როგორც ამას თავად აცხადებს), მისი წასვლა შეამცირებს მთავრობის ლეგიტიმურობას.
"მინისტრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს, მაგრამ კოალიცია მყიფეა, ის შეიძლება ადვილად დაიშალოს ივანიშვილის გარეშე. ეს უფრო ამწვავებს გაურკვევლობას და ვნებს ეკონომიკას. ნებისმიერ პირს, ვინც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ივანიშვილის შემდეგ, ძალიან რთული სამუშაო ელის წინ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის მომავალი როლი უფრო ყურადღებით შესწავლას საჭიროებს.
"შეძლებს თუ არა ის გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უანგარო დახმარება იმ მთავრობისთვის კონტროლის გაწევაში, რომელიც თავად ჩამოაყალიბა? ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, რომ ის ყოველგვარი დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გარეშე გააგრძელებს პოლიტიკური სადავეების გამოყენებას კულისებიდან. თუმცა, ივანიშვილი უარყოფს ამ ბრალდებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სცენარისთვის თავის არიდება ერთი ადამიანის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ეს არის შეშფოთების მიზეზი", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე საქართველო იმედოვნებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მომავალი წლის გაზაფხულზე კი შეთანხმებაზე ხელმოწერას.
"თუ საქართველო თავის მიერ შესასრულებელ შეთანხმების ნაწილს შეასრულებს, ევროკომისიამ შეიძლება შეთანხმებაზე ხელმოწერა უფრო ადრე მოისურვოს, როგორც ეს 7 სექტემბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადერ სიკორსკიმ განაცხადა და დასძინა, რომ ევროკავშირთან უფრო მეტად მიახლოებისთვის ქართველებს მეტი მსხვერპლის გაღება სჭირდებათ. მათი დარწმუნება კი, რომ ასე მოიქცნენ, არ იქნება ადვილი. საქართველოს პოლიტიკურ მხსნელებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება სჭირდება", - ნათქვამია სტატიაში.