კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს შიდა ქართლში განაგრძობს.
გიორგი მარგველაშვილი ქარელის მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინეს.
კოალიციის კანდიდატმა დღეს შეხვედრა სოფელ რუისში უკვე გამართა, სადაც მასთან ერთად შეკრებილ ამომრჩევლებს სიტყვით მაჟორიტარმა დეპუტატებმა ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა და გელა გელაშვილმაც მიმართეს.
გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ამის შემდეგ კი მარგველაშვილმა შეხვედრა ჟურნალისტებთანაც შეაფასა.
"დღეს ჩვენ შეხვედრები ისტორიული სოფლიდან, რუისიდან დავიწყეთ. ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურას უკავშირდება, სოფლის გზა არის შესაკეთებელი, პრობლემები გვაქვს ასევე გაზიფიკაციასთან, თუმცა რუისი ძლიერი სოფელია, თავისი მოვლილი ხეივნებით, აქ დიდი პოტენციალია. ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა პერსპექტივაში და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები, ვსაუბრობთ, როგორც საპრეზიდენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი ქარელის შემდეგ ყინწვისის მონასტერს მოინახულებს და დღის ბოლოს ამომრჩეველებთან შეხვედრას ქალაქ კასპში გამართავს.