კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები სურამში, ხაშურსა და ბორჯომში გამართა.
მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ წარუდგინეს.
ამომრჩევლებმა კოალიციის კანდიდატს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სთხოვეს. თავის მხრივ კოალიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ საკითხების უახლოეს ვადებში დარეგულირებისათვის.
"ჩემი ფუნქცია არ იქნება ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, მე ვაპირებ, მათ გვერდით ყოფნას და მათთან ერთად დგომას ხალხის სამსახურში", -განაცხადა მარგველაშვილმა.
კახი კალაძემ სურამისა და ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 9 წლის მანძილზე არ განხორციელებულა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე იქნებოდა გათვლილი და პირობა დადო, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ადგილობრივების ინტერესებს გაითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების გარანტი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
კოალიციის კანდიდატმა ბორჯომში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ქალაქში არსებული პრობლემები შეაფასა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
"ბორჯომს დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ტურიზმის განვითარების, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აქ ჩანს ის პრობლემები, რომელიც თითქმის ყველა რეგიონში არსებობს, მაგრამ რაც მთავარია, აქ ჩანს მოსახლეობის დიდი მზაობა ერთად ავაშენოთ ქვეყანა, ხალხთან ერთად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ერთად დავძლიოთ პრობლემები და დავგეგმოთ ქვეყნის მომავალი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ხვალ გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას ქარელისა და კასპის რაიონებში გამართავს.