თბილისის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლითაც მას ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.
მოსამართლემ დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა. მანამდე კი პროცესზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საია იცავდა.
საია-ს წარმომადგენლების თქმით, ცესკო-ს გადაწყვეტილება იყო საფუძველს მოკლებული, რადგან ცესკო-ს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საია-ს წარმომადგენლები კი აღნიშნავდნენ, რომ კანონის მიხედვით, კანდიდატად დარეგისტრირებას ორმაგი მოქალაქეობა ხელს არ უშლის, თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება კანონიერი იყო და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატად დარეგისტრირდებოდა, გამარჯვების შემთხვევაში ის ინაუგურაციამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შეჩერებას ვერ მოასწრებდა.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი შავი ლაქა იქნება.
"დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ძალიან შავი დღე საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში. დღეს იყო ტესტირება – გააჩნდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ, ეს განაჩენი რაც გამოტანილი იქნა, სრულიად დაუფუძნებელი იყო და არანაირი იურიდიული არგუმენტი არ იყო გაზიარებული. ეს არის მოსამართლის უფლება, აქ უკანონობა არ არსებობს, მაგრამ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოს არა აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად უზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები, რომ გახდეს კანდიდატი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცესკო-ს წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დღეს კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ამისთვის მას ორი დღე აქვს.