საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას დროებით შემსრულებლად გიორგი ბარათაშვილის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე დაინიშნა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც ბორდმა დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა.
გოგუაძის თქმით, ბარათიშვილის გადაყენების მიზეზები ცნობილია, გამოქვეყნებული იყო ტექსტი და ეს საკითხი მედიაში უკვე დიდი ხანია, მუსირებს.
"ეს იყო ფინანსური საკითხები, იყო გადაცემების აღწერილობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც გენერალურმა დირექტორმა საერთოდ ვერ მოგვაწოდა. არ ახლდა ფინანსური დასაბუთება, დაგროვდა პრობლემები, რომელსაც შეიძლებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან რთულ შედეგებამდე მიეყვანა", - განაცხადა გოგუაძემ და ჟურნალისტებს ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექსტი გააცნო.
ბორდის გადაწყვეტილების თანახმად, უნდობლობა გამოეცხადა გიორგი ბარათაშვილს და იგი 2013 წლის 6 სექტემბრიდან გათავისუფლებულია გენერალური დირექტორის თანამდებობიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე. გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე.
ამასთან, გოგუაძე ვარაუდობს, რომ ბარათაშვილის გადაყენება ტელევიზიის ახალ სეზონზე დადებითად იმოქმედებს.
მისივე თქმით, ბორდის გადაწყვეიტლება ერთხმად იყო მიღებული და მას ბორდის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა ორი მათგანი - ნინო დანელია და ნატალია დვალი სხდომას არ ესწრებოდნენ და ისინი შკყპეს-ს საშუალებით ჩაერთვნენ.
ნინო დანდელიას წარმომადგენელი სხდომაზე ბორდის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გახელაძე იყო, რომელსაც დანელიასთან კავშირი შკყპე-ს საშუალებით ჰქონდა. მას გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის უფლება დანელიასგან ნოტარიულად ჰქონდა.
"ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივ რეჟიმში არ მიიღება, მიიღება მაშინ, როცა სახეზე გვაქვს სერიოზული პრობლემები", - განაცხადა გოგუაძემ.