"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადებას დღეს განიხილავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა განუცხადა, სამეურვეო საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომაზე ბორდი გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების წინადადებას განიხილავს.
მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორისგან ფინანსებთან და პროგრამებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების წარდგენა ითხოვა, რაც მათ გიორგი ბარათაშვილმა წარუდგინა, თუმცა ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბორდი ბარათაშვილის პასუხმა არ დააკმაყოფილა.
თიკო ბერძენიშვილის ცნობით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიმოწერა საჯაროა და მაუწყებლის ვებგვერდზეა განთავსებული.