"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი განცხადებას ავრცელებს. მსჯავრდებულის წერილი "ინტერპრესნიუსს" მისმა ოჯახმა მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გაიმართება პროცესი, სადაც გადაიხედება ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მიუხედავად ბრალდების სრული აბსურდულობისა, დაზარალებული ნოდარ ლომინაძე, საჭიროდ მაინც არ თვლის საქმის მასალების გაცნობას და "დარწმუნებულია" ჩემს დამნაშავეობაში. ამა წლის 9 აგვისტოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერისათვის" მიცემულ ინტერვიუში, ნოდარ ლომინაძემ განაცხადა, თითქოს მისი შვილი იძიებდა ჩემს "დანაშაულებრივ საქმიანობას" და თითქოს ამიტომ მე განმიზრახავს ნიკოს მკვლელობა.
სიმართლის დემონსტრირებისათვის, იძულებული ვარ, წარმოგიდგინოთ საქმის შემდეგი დეტალები: ნიკო ლომინაძის მკვლელობიდან, თვენახევრის განმავლობაში, ნოდარ ლომინაძეს და მის მეუღლეს გამოძიებისათვის არა ერთი ჩვენება აქვთ მიცემული. ყველა ჩვენებაში, გამომძიებლის შეკითხვაზე ისინი პასუხობენ, რომ "ნიკოს სახლში არ უყვარდა სამსახურის საქმეებზე საუბარი" და მათთვის "უცნობია ჰქონდა თუ არა ნიკოს სამსახურში ვინმესთან კონფლიქტი".
4 წლის შემდეგ, როდესაც მე დამაპატიმრეს, ნოდარ ლომინაძემ და მისმა მეუღლემ კიდევ ერთი ახალი ჩვენება მისცეს გამოძიებას, რა დროსაც თითქოს "გაახსენდათ", რომ მკვლელობამდე გარკვეული დროის წინ `ნიკომ რამდენჯერმე ახსენა გვარი გვიჩიანი~, რომ თელასში აკეთებდა ფულს და თუ საიდან და როგორ გასარკვევი იყოო~. მათ მიერ მიცემული ეს ბოლო ჩვენებები, ბრალდების მტკიცებულების სახით სასამართლოს განაჩენშია შეტანილი, როგორც მკვლელობის მოტივის საფუძველი.
დაზარალებულის ცრუ ჩვენების საწინააღმდეგოდ, სასამართლოზე, ჩვენს მიერ წარდგენილი იქნა ბრძანება და ხელფასის უწყისი. რომლის მიხედვითაც, მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, ფინანსური დირექტორი ნიკო ლომინაძე ხელს აწერს 10 ათასი დოლარის პრემიის გაცემას. ასეთი პრემია იმ პერიოდში თელასის არცერთ თანამშრომელს არ აუღია. ვსვამ რიტორიკულ კითხვას, თუ ფინანსურმა დირექტორმა ნიკო ლომინაძემ, შეიტყო ჩემი, კომერციული ექსპერტის, ფინანსური დარღვევების შესახებ, მაშინ რატომ დათანხმდა გამოეწერა ჩემთვის ასეთი პრემია და რატომ წერია ბრძანებაში, რომ ამის საფუძველი ჩემი კარგი მუშაობა იყო? ეს დეტალი უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკო ლომინაძე ჩემს წინააღმდეგ არანაირ გამოძიებას არ აწარმოებდა.
ასე, რომ ნოდარ ლომინაძემ და მისმა მეუღლემ ცრუ ჩვენება მისცეს სასამართლოს. ეს კი დანაშაულია. მათ მიერ მიცემულმა ცრუ ჩვენებამ გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები: სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას ინფარქტით გარდაიცვალა მამაჩემი, ხოლო მე და ნიკა ჩემიას - უდანაშაულო ადამიანებს უვადო პატიმრობა მოგვისაჯეს და უკვე მე-8 წელია ციხეში ვიმყოფებით.
აი ამიტომაც ნოდარ ლომინაძემ დღეს წარმოუდგენელია აღიაროს, რომ მე უდანაშაულო ვარ, ხოლო თვითონ დანაშაული ჩაიდინა რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
რატომ უნდა ეთქვათ დაზარალებულ ლომინაძეებს ტყუილი? რატომ უნდა მოეგონათ არარსებული ამბავი? რატომ უნდა მიეცათ გამოძიებისათვის ცრუ ჩვენება? საქმე ხომ მათი შვილის მკვლელობას ეხებოდა. ამ დაუჯერებელი ფაქტის გასარკვევად აუცილებელია მივყვეთ მოვლენებს.
2006 წლის 6 მარტს, ხელისუფლებამ სანახევროდ გახსნა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და დააპატიმრა მხოლოდ შემსრულებლები. ხოლო მკვლელობის დამკვეთებს ხელი დააფარა. ამ დანაშაულებრივი ქმედების მისაჩქმალად და ყურადღების სხვა თემაზე გადასატანად ხელისუფლებამ დაგეგმა ჩემი დაპატიმრება. იმავე საღამოს ტელეფონზე დამიკავშირდა თბილისის მერი გიგი უგულავა და მთხოვა მეორე დილით 11:00 საათზე, ჩემს კაბინეტში შევხვედროდი ვინმე ჩიხლაძეს, გარკვეული საკითხის განსახილველად.
მეორე დღეს 7 მარტს, დილით 11:00 საათზე, ჩემს კაბინეტში, ჩიხლაძემ და სოდ-ის 100-დე თანამშრომელმა ტელეკამერების წინ, პირდაპირ ეთერში, ფაქტიურად `საზეიმო~ ვითარებაში დამაპატიმრა. იმავე დღეს ჩემი დაპატიმრების შესახებ, საზეიმო ბრიფინგი გამართა ვანო მერაბიშვილმა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში, სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებში და თოქ-შოუებში, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემკვეთთა დასჯას მოითხოვდნენ, მაშინდელი უმრავლესობის ლიდერები თავს იმართლებდნენ, რომ ხელს არავის არ აფარებენ, რომ ისინი ახდენენ თვითწმენდას, რომ ხსნიან შეკვეთილ მკვლელობებს და რომ ვანო მერაბიშვილი ძლიერი მინისტრია.
ათი დღის შემდეგ, 17 მარტს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამართა შეხვედრა ოთხ ჟურნალისტთან. პირველი შეკითხვა რომელიც ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ დაუსვა იყო შემდეგი შინაარსის, - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო ხომ არ დადგებოდა ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი? სააკაშვილმა უპასუხა, რომ ძალიან ეფექტურმა პოლიციამ გახსნა ლომინაძის მკვლელობის საქმე და მას "გულზე მოეფინა" როდესაც მაღალი თანამდებობის პირი (მე მიგულისხმა), პირდაპირ კაბინეტში დააპატიმრეს. ანუ ვანო მერაბიშვილს თანამდებობიდან იმიტომ არ გადააყენებდა, რომ მან ლომინაძის მკვლელობის საქმე გახსნა.
ამ დროისათვის გამოძიებამ ამოიღო სატელეფონო ანძების და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემები. რომლებიც მკვლელობის თითქოსდა შემსრულებლის ნიკა ჩემიას უტყუარ ალიბს ადასტურებდნენ. 31 მარტს მიიღეს აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, დ.ნ.მ.-ის ანალიზის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ყველა მოპოვებული მტკიცებულება ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდა. გამოძიება მიხვდა, რომ ნოდარ გვიჩიანმა შეცდომაში შეიყვანა. სამართლიანობა მოითხოვდა ჩემს გათავისუფლებას და შეცდომის აღიარებას. მაგრამ პრეზიდენტისა და მაშინდელი უმრავლესობის ლიდერების, ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას შეცდომა, რომ ეღიარებინა, რომ შსს მძიმე შეცდომებს უშვებდა, მაშინ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, რაც როგორც ჩანს კატეგორიულად დაუშვებელი იყო სააკაშვილისთვის. ამან განაპირობა საქმის სრული გაყალბება ჩემს წინააღმდეგ და სამუდამო პატიმრობისთვის გამწირეს.
ამ განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის კი აუცილებელი იყო დაზარალებული ოჯახი გამოძიების მხარეს გადაეყვანათ და ჩაეთრიათ გაყალბებაში.
პრაქტიკულად ის პიარი, რომლის ქვეშაც მოხდა ჩემი დაპატიმრება და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ პირველ დღეებში გაკეთებული განცხადებები ჩემთვის წინასწარ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს წარმოადგენდა
პრეზიდენტ სააკაშვილის, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი უმრავლესობის წევრების განცხადებამ და ცრუ სატელევიზიო პიარმა დაარწმუნა დაზარალებულის ოჯახი, რომ საქმე გახსნილი იყო. მაგრამ გამოძიებას მკვლელობის საქმეში, არ ჰქონდა მკვლელობის მოტივი. მოტივის გარეშე კი გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაიწერება, ამიტომაც აღმოჩნდა ისე, რომ დაზარალებული ოჯახი "დაეხმარა" გამოძიებას და თქვა, რომ მათი შვილი სახლში გვიჩიანის ფინანსურ დარღვევებზე ლაპარაკობდა. - ამის გადამოწმება ხომ შეუძლებელია.
სამწუხაროდ, გამოძიებამ გამოიყენა დაზარალებულის მძიმე მდგომარეობა და დაითანხმა ისინი ცრუ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად დღეს დაზარალებული ოჯახი თავისივე ცრუ ჩვენებების და ამით გამოწვეული მძიმე შედეგების მძევალია", - - ნათქვამია გია გვიჩიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნეს და 2006 წელს დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა.
გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ სცნობს და მის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.