კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში დიდი ბრიტანეთის ელჩს ქალბატონ ჰოლ ჰოლს შეხვდა
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კოალიცია „ქართული ოცნების„ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანეთის ელჩთან ქალბატონ ჰოლ ჰოლთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს. საუბარი შეეხო არჩევნების მონიტორინგში ბრიტანელი დამკვირვებლების ჩართულობას. ასევე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესების ხელშეწყობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის გზები.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჟურნალისტებთან შეაფასა:
„გვქონდა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში. განვიხილეთ მიმდინარე პროცესები. ჩემი ძირითადი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული ბრიტანეთის მხარე მიმდინარე არჩევნების გაშუქებასა და მონიტორინგში, იმიტომ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და იმის უზრუნველყოფა რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ასევე ქალბატონმა ჰოლ ჰოლმაც შეაფასა შეხვედრა :
„ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ბატონ მარგველაშვილთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობის შესახებ. შევეხეთ ქვეყნის განვითარებისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისათვის. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს. ეს შეხვედრა წინასაარჩევნო პერიოდში ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამ ფორმატში აუცილებლად შევხვდებით სხვა კანდიდატებსაც,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა ქალბატონ ელჩთან დაგეგმილზე მეტ ხანს, ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხონის რაიონის მოსახლეობასთან შესახვედრად გაემართა.