კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიტატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადება

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიტატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადება

პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია არა მარტო დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, არამედ ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული, მაღალი სტანდარტის არჩევნები, რომელიც იქნება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მკაფიო დემონსტრირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია კოლიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წლის 12 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა და პრეზიდენტობის კანდიდატად ამომრჩეველს წარუდგინა გიორგი მარგველაშვილი.

ჩვენ წარვმართავთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს უფრო ცხადად, უფრო დეტალურად დავანახოთ, თუ როგორ ვაპირებთ ქვეყნის განვითარებას, რა მიზნები და გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და რა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ საამისოდ.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება არჩევნების დღეს მათი აქტიურობით. დარწმუნებული ვართ, ამომრჩეველი მხარს დაუჭერს საქართველოს სტაბილურობას და ხმას მისცემს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ გიორგი მარგველაშვილს.

კოალიციიის საარჩევნო შტაბი მოსახლეობას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ.

დღეისათვის სრული დატვირთვით მუშაობს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის ცენტრალური შტაბი და მისი ყველა სამსახური. ამჟამად მიმდინარეობს შტაბების გახსნა, სექტემბრის დასაწყისში კი შტაბები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში გაიხსნება.

კოორდინირებულად მუშაობენ პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ექვსივე პარტიის რაიონული ორგანიზაციები, რომლებიც კოალიციის ერთიანი საარჩევნო შტაბის ეგიდით წარმართავენ წინასაარჩევნო საქმიანობას. შტაბების ხელმძღვანელობისა და მათი შემადგენლობის ფორმირების პროცედურა ეფუძნება პარტიებთან კონსულტაციებისა და ურთიერთშეთანხმების პრინციპს.

კოალიციის საარჩევნო ჯგუფი ამ ეტაპზე ამზადებს იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში (35000-ზე მეტი კომისიის წევრი/წარმომადგენელი). ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად და მაღალ დონეზე ჩატარებას.

ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა კითხვას და კანონის სრული დაცვით წარვმართოთ წინასაარჩევნო კამპანია. მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს - იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ნუ ააგებენ წინასაარჩევნო კამპანიას ტყუილსა და ცილისწამებაზე.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია და ბოლო მოვუღოთ ყოველგვარ უნდობლობას. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველი ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში.

საქართველოს მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქტიურობისაკენ, 2013 წლის 27 ოქტომბერს მივიდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება საბოლოოდ განვამტკიცოთ და შეუქცევადი გავხადოთ ის პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას განაპირობებს.