„ჩვენი მთავარი სტრატეგია სოფლის აღორძინებაა“

„ჩვენი მთავარი სტრატეგია სოფლის აღორძინებაა“

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიას რაჭაში განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ამბროლაურის მოსახლეობას ხვდება და საპრეზიდენტო პროგრამას აცნობს.

მარგველაშვილმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა ონის რაიონის ცენტრში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციის კანდიდატი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ და დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ წარუდგინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ ჩვენი მიზანია ქართველი კაცი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ყოფას, მთავრობამ კი არ უნდა მოიგონოს რა სჭირდება ხალხს, არამედ ხალხმა უნდა მისცეს დაკვეთა მთავრობას. სოფლის მეურნეობის განვთარება კი არ არის ჩვენი სტრატეგია, არამედ სოფლის განვითარება და აღორძინება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კოალიციის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩემთვის უბრალო მოგება არ არის მთავარი, ჩემთვის ისეთი მოგებაა მნიშვნელოვანი, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აჩვენებს, რომ ხალხი , მთავრობა და პრეზიდენტი ერთ გზაზე დგანან და ერთნაირი შეხედულება აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“.

მთავრობის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს:

„იმისთვის რომ მთავრობის მიერ დაწყებული პოლიტიკური კურსი არ შეჩერდეს , მხარი უნდა დაუჭიროთ გიორგი მარგველაშვილს, ის იქნება გარანტი, რომ თითოეულ ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა გაგრძელდეს“- განაცხადა დავით სერგენკომ

კოალიციის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას ხვალ ხონსა და სამტრედიაში გამართავს.