კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნება" ახალგაზრდების მასობრივად წასვლას უარყოფს

"ქართული ოცნების" ოფისში, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ აბესაძემ პრესკონფერენცია გამართა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კოალიციიდან ახალგაზრდების მასობრივად წასვლის შესახებ უარყო. ოთარ აბესაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად აწარმოებენ შავ პიარს : "მინდა, განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, ვაცხადებ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მინიმუმ ორჯერ აღემატება. კერძოდ კი, ივლისის თვის მონაცემებით 345 ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდების სრული მობილიზაციაა", - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ოთარ აბესაძესთვის არის ცნობილი, "თავისუფალი დემოკრატები" მხოლოდ ორმა ახალგაზრდამ დატოვა.

"პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია. ადამიანები მიდიან და მოდიან. ვისაც შეეცვლება პოლიტიკური შეხედულება, ორგანიზაციაში თავისუფლებაა", - აღნიშნა აბესაძემ.