კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს დილიდან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს კახეთში მართავს.
გიორგი მარგველაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შოთა ფიფიამ და დეპუტატმა გელა გელაშვილმა წარუდგინეს. შეხვედრას მსახიობი ნანა ხურითი უძღვებოდა.
ვაქირში შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი წნორის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა: „ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ჩვენი თვითმყოფადობა, პირველი რაც უნდა გაგვეკეთებინა რათა თითოეული მოქალაქე წელში გამართულიყო, გავზარდეთ პენსიები, განხორციელდა რეფორმები სოფლის მეურნეობაში, ჯანდაცვაში, თუმცა ვიცით რომ ისევ ბევრი პრობლემა რჩება.
გიორგი მარგველაშვილმა წნორში სეკრებილ მოსახლეობას განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზეც გააცნო : „ჩემი მინისტრობის დროს 15 ფაკულტეტი გახდა უფასო, ასევე პროფესიული და განათლება, სექტემბერში თქვენს შვილებს უფასო წიგნები დაურიგდებათ“
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა 27 ოქტომბრის შემდეგ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა : „ჩემზე ამბობენ პოლიტიკის ინტერესი არ აქვსო, მე მაქვს პოლიტიკის ინტერესი იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, მაგრამ არ მაქვს ძალაუფლების ინტერესი. მთავრობა იმისთვის კი არ არის რომ გვართობდეს, არამედ იმისთვის რომ თქვენთან ერთად დაგეგმოს ქვეყნის მომავალი“
გიორგი მარგველაშვილი წნორის შემდეგ სიღნაღში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. ასევე ადგილობრივი წარმოების ღვინის დეგუსტაციას დაესწრო. 17 საათზე კი ბოდბის მონასტერს მოინახულებს.