"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აჭარაში იმყოფებოდა. სტუმრები შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, მოინახულეს შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის ქობულეთის ლაბორატორია, ეწვივნენ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტს, სადაც გაეცნენ კარანტინს დაქვემდებარებული მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის, ციტრუსების საექსპორტო პარტიების ფორმირებისა და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესს; ასევე, უცხოეთიდან შემოტანილი მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის სასაზღვრო ფიტოსანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის მიმდინარეობას.
"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია თბილისში დღეს დაბრუნდება, 21 აგვისტოს კი სტუმრები მოსკოვში გაემგზავრებიან და მოამზადებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, უნდა გაუქმდეს „როსსელხოზნადზორის" 2006 წლის ბრძანება საქართველოდან მაღალი რისკის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში შეტანის აკრძალვაზე.